გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კომპეტენტური უწყების დასკვნამდე ამ თემაზე კომენტარი მას არაკვალიციფიურად მიაჩნია.
“იყო თუ არა დარღვევა მაღალჩინოსანთა აყვანის ან სხვა პროცესებში, რომელიც სამართალდამცავმა უწყებებმა განახორციელეს, ამაზე კომპეტენტური ორგანოები დასკვნას დადებენ. დასკვნამდე ამ თემაზე კომენტარი მიმაჩნია არაკვალიფიციურად. ჩემი ფუნქცია არ არის, პოლიტიკოსის კომენტარებზე ვაკეთო კომენტარი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის შეფასებით, თბილისის მერიის თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა არ ხორციელდება:
“ამ საკითხზეც კომენტარის გაკეთებას აზრი აქვს იმის მხრიდან, ვინც პროფესიულად გაიარა ეს თემა. მე შემიძლია გიპასუხოთ უბრალოდ პოლიტიკურად, პოლიტიკურად კი ნათლად გამოჩნდა, რომ ის ბრალდებები, რომელიც პოლიტიკურ კონტროლთან დაკავშირებით იყო, არის აბსურდი. რუსთავის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე არავითარი ზეგავლენა არ ხორციელდება”.
განათლების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომელთა დაკავების ფორმა “აბსოლუტურად უაზრო იყო”.
“ჯერ დასაკითხად აიყვანეს, შემდეგ გაათავისუფლეს და რამდენიმე საათში ისევ დაიჭირეს, …თუ ვიფიქრებთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა, კანონის ნორმების დაცვა კი მეორეხარისხოვანია, მალე “ნაციონალური მოძრაობის” გზას დავადგებთ”, – ეს კომენტარი დავით ზურაბიშვილმა გაზეთ “ვერსიასთან” გააკეთა.