ახალი ამბები

“ცილისწამება ძალიან მძიმე ცოდვაა” – ქართული ოცნების წევრები ჩაჩანიძის განცხადებაზე

12 ნოემბერი, 2017 • 2198
“ცილისწამება ძალიან მძიმე ცოდვაა” – ქართული ოცნების წევრები ჩაჩანიძის განცხადებაზე

ბორჯომის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ლევან ლიპარტიამ ხმის მიცემის შემდეგ უპასუხა კონკურენტის, პატრიოტთა ალიანსის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ძალოვნები აკონტროლებენ არჩევნებს.

“ნებისმიერი რაღაც შეიძლება ითქვას და ნებისმიერი აზრი დააფიქსიროს კონკურენტმა, მაგრამ, ამის შესახებ არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ რაღაცას არ შევსწრებივარ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,”- განაცხადა ლიპარტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლიპარტიას საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მისცა, ახლდნენ პარლამენტის დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

“არჩევნები მომდინარეობს დემოკრატიულად, მშვიდად, თანასწორ პირობებში,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

“სუსი არც ახლა არის ჩართული, არც პირველ ტურში არ იყო და არცერთ არჩევნებზე. ჩართული არიან ადამიანები, პარტიული აქტივისტები. თუ ვინმეს ის ეჩვენება ძალოვნად ან სხვა წარმომადგენლად, არჩევნებს პროცესების დრამატიზება ახასიათებს, მე კიდევ არ ვარ მიდრეკილი დრამატიზებისადმი მიდრეკილი,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სპეცსამსახურების ჩართულობის შესახებ ჩაჩანიძის განცხადებაზე ისაუბრა გედევან ფოფხაძემაც და განაცხადა, რომ “ცილისწამება ცოდვაა”

“თუ ზეწოლაზე არის საუბარი, მტკიცებულება თან თუ არ ახლავს, თუ თან ახლავს ზეწოლაზე ასეთ საუბარს, მაშინ არის საუბარი ცილისწამებაზე და ცილისწამება ძალიან მძიმე ცოდვაა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ოპონენტებს, კანონის თუ არ ეშინიათ, ღვთისმოშიშები მაინც იქნებიან და ასეთ მეთოდებს არ გამოიყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გარკვეული რაოდენობა პოლიციელებისა საარჩევნო უბნებთან მართლაც იმყოფებიან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადგილზე უსაფრთხოება. შსს-ს განმარტებით, ისინი არ სხედან საპატრულო პოლიციის მანქანებში, ვინაიდან არ არიან პატრულის თანამშრომლები და წარმოადგენენ კრიმინალურ პოლიციას. პოლიცია უბნებთან არჩევნების პროცესის დასრულებამდე დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი