ახალი ამბები

სპა-ს კანდიდატი ბორჯომში საარჩევნო უბნებთან ავტომანქანებით ძალოვნების მობილიზებაზე საუბრობს

12 ნოემბერი, 2017 • 1393
სპა-ს კანდიდატი ბორჯომში საარჩევნო უბნებთან ავტომანქანებით ძალოვნების მობილიზებაზე საუბრობს

12 ნოემბერს ბორჯომის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ ხმა ბორჯომის ოლქის 27-ე უბანზე მისცა. მან განაცხადა, რომ დღევანდელ არჩევნებზე გამარჯვებას ელოდება.

ასევე, განაცხადა, რომ უბნებთან ავტომობილებში სავარაუდოდ ძალოვნები არიან მობილიზებული:

“მოლოდინი მაქვს, რომ გავიმარჯვებ აუცილებლად. ხმა მივეცი, რომ აღარ იყოს ბორჯომში ძალადობა და დაისვენოს ხალხმა იმ ძალადობისგან, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება.

ყველა უბანზე მობილიზებულია მანქანები, მე ვიყავი დაახლოებით 10 უბანზე და ყველგან არიან მობილიზებული, მით უმეტეს სოფლებში. ძალოვანები რომ არიან აშკარად ეტყობათ,”- განაცხადა ჩაჩანიძემ.

კითხვაზე, რას აკეთებენ ისინი და ზეწოლის ფაქტები ხომ არ არის, ზაზა ჩაჩანიძე პასუხობს, რომ ჯერ ვერ იტყვის:

“ჯერ არ გვაქვს, ველოდებით ინფორმაციას,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

“ნეტგაზეთმა” ბორჯომში რამდენიმე უბანთან, მაგალითად, მე-7 და 27-ე უბანთან, დააფიქსირა ავტომანქანები, რომლებშიც პოლიციის ფორმიანი ადამიანები ისხდნენ.

შკითხვაზე – რატომ არიან მობილიზებული? – მანქანის ფანჯრები დაკეტეს და გვითხრეს, რომ კითხვებს შსს-ს პრესსამსახური უპასუხებს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გარკვეული რაოდენობა პოლიციელებისა საარჩევნო უბნებთან მართლაც იმყოფებიან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადგილზე უსაფრთხოება. შსს-ს განმარტებით, ისინი არ სხედან საპატრულო პოლიციის მანქანებში, ვინაიდან არ არიან პატრულის თანამშრომლები და წარმოადგენენ კრიმინალურ პოლიციას. პოლიცია უბნებთან არჩევნების პროცესის დასრულებამდე დარჩება.

ბორჯომში #7 უბანთან ავტომანქანა, რომელშიც პოლიციელები სხედან. 12.11.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი