ახალი ამბები

ცესკოს ცნობით, მეორე ტურის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2017 • 1240
ცესკოს ცნობით, მეორე ტურის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩენო კომისიის ცნობით, 12 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 317-ვე უბანში დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ 8:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლებს მხოლოდ ერთი ბიულეტინი გადაეცემათ. მისი ცნობით, იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება 328 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, სულ დაბეჭდილია 299 450 ბიულეტინი.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურის არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტრირებულია 2143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 18 149 წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 654 წარმომადგენელი.

არჩევნებზე მედიის 4688 წარმომადგენელია დარეგისტრირებული.

ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.

საუბნო შემაჯამებელი ოქმები გადაეცემა საოლქო კომისიებს, ოლქები გადასცემენ ცესკოს, რომელიც გამოაქვეყნებს შედეგებს თავის საიტზე.

ცესკოს დაგეგმილი აქვს კიდევ 3 საინფრომაციო ბრიფინგის გამართვა, სადაც ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მედიას.

დღეს, 12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში.

საქართველოს ამ 6 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში გააკეთებენ არჩევანს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი კანდიდატები:

ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
მარტვილი: ალექსანდრე გრიგლავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

მასალების გადაბეჭდვის წესი