ახალი ამბები

“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის განხილვა შეჩერებულია

28 ივნისი, 2013 • • 1611
“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის განხილვა შეჩერებულია

პარლამეტნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება კანონპროექტის იმ მუხლზე ვერ შეთანხმდა, რომელიც პრემიერ-მინისტრს უფლებას ანიჭებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს:

 

“მე ვესაუბრე როგორც განათლების სამინისტროს მომხსენებელს ამ კანონპროექტზე, ასევე, ჩემი კომიტეტის ხელმძღვანელს ივანე კიღურაძეს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მეშვიდე მუხლის მერვე პრიმა მუხლში ჩასწორდეს პრემიერთან დაკავშირებული მუხლი და ნაცვლად ერთპიროვნული გადაწყვეტილებისა, იყოს ჩადებული ის, რომ კოლეგიურმა ორგანომ, მთავრობამ დროებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორ-მასწავლებლებთან მოთათბირების შედეგად, ანუ გარკვეული იურიდიული მექანიზმი გამოიძებნოს ამისთვის.”

 

მისივე თქმით, უფრო სერიოზული რეფორმების მომხრეა:

 

“სამართლიანობის აღსადგენად ჩვენ უნდა გავუხსნათ გზა ადამიანებს ახალი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად და გავხსნათ უნივერსიტეტებში შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც არა პროფესიონალიზმის, არამედ პოლიტიკური ნიშნით იქნენ თავის დროზე უნივერსიტეტებიდან გამოძევებული და ამის შემდეგ თავისუფალ გარემოში ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც უფრო ფართო შემადგენლობას მოიცავს, ვიდრე ეს არის მხოლოდ აკადემიური საბჭო, სადაც იქნებიან როგორც სტუდენტების წამომადგენლები, ასევე, პროფესორების წარმომადგენლები და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს რექტორის არჩევნები.”

 

ჩაფიძე ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვა რიგგარეშე სასესიო სხდომაზე გაგრძელდება:

 

“კანონის განხილვა გაგრძელდება მაშინ, რაც იმ მუხლის ფორმულირება საბოლოოდ ჩამოყალიბდება, არავისთვის სურპრიზი არ ყოფილა ის, რომ ჩვენ დღეს ამ კანონს არ განვიხილავდით, ჩვენ ეს ვიცოდით. მასში იქნება ძალიან მკაფიო ფორმულირება და მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი, როდესაც უმრავლესობა გამოთქვამს ამა თუ იმ კანონზე საკუთარ პოზიციას.”

 

მისივე განმარტებით, “პირველივე სიგნალებისთანავე არის საჭირო, რომ პარლამენტი დადგეს თავის ადგილზე და ხმა ამოიღოს, თუკი თვლის, რომ მთავრობა რაღაცას არასწორად აკეთებს.”


ჩაფიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთივე პრინციპულობა რომ გამოგეჩინა თავის დროზე,  დეგრადირებამდე არ მივიდოდა.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი