გამოკითხულთა 9 პროცენტი მხარს არ უჭერს არც ერთ კანდიდატს, ხოლო 14–მა პროცენტმა პასუხის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ზემოხსენებული კვლევა IRI–ს დაკვეთით ბალტიკ სარვეიმ, გელაპმა და P&M-მა ჩაატარეს 17 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3998 ადამიანი. კვლევის ავტორების მტკიცებით, ცდომილების ზღვარი 1,5 პროცენტს არ აღემატება. მისი შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუმა უკვე გააცნო პოლიტიკურ პარტიებს.
კვლევის შედგებს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის ეს საკითხი საინტერესო არ არის:
“არ მინახავს IRI-ს კვლევები და ჩვენში დარჩეს, არ არის ჩვენთვის საინტერესო. მე არ ვეთანხმები, მაგრამ კვლევებია და კვლევებში არის გარკვეული ტიპის ცდომილება ყოველთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დასვამ კითხვას, რომელი კუთხიდან შეეკითხები და ასე შემდგომ. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ეს გაითვალისწინოთ, თუმცა არაფერი ისეთი არ ხდება აქ, რომ დიდი პოლემიკის საგანი იყოს.
მრავალჯერ გავაკეთე ამაზე განცხადება და დღესაც შემიძლია იგივე გიპასუხოთ, რომ პირველ ტურში და დიდი უპირატესობით მოიგებს ჩვენი კანდიდატი, და ჩემი დიდი ალბათობით მეორე ადგილზე ვერ გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. მეორე ადგილზე გავა ნებისმიერი, თუ წამოაყენებენ და ასეთები იქნებიან. ჩემი აზრით, მეორე ადგილს ვერ დაიჭერს ნაციონალური მოძრაობა, რამეთუ მისი ავტორიტეტი ძალიან დაბალია ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონლაური მოძრაობა. პარტია კანდიდატის გამოვლენის მიზნით პრაიმერის, ანუ შიდა არჩევნების ჩატარებას აპირებს, რომლის მონაწილეების ვინაობა ხვალ, 29 ივნისს გახდება ცნობილი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ: ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და ნესტან კირთაძე. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კენჭი იყაროს სალომე ზურაბიშვილმაც.