ახალი ამბები

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაკავებებთან დაკავშირებით NAC–ის მოტყუების მცდელობას ჰქონდა ადგილი

28 ივნისი, 2013 •
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაკავებებთან დაკავშირებით NAC–ის მოტყუების მცდელობას ჰქონდა ადგილი

 

“ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც დიდი შეშფოთება გამოხატა [ექს–მაღალჩინოსნების დაკავებების გამო], გარდა ამისა, ევროკავშირი, რომელიც 2 წლის წინ საქართველოს მოწინავე ქვეყანად ასახელებდა ინტეგრაციის კუთხით ახალ პარტნიორებს შორის, ახლა თქვა, რომ საქართველო არის ერთ–ერთი ორ პორბლემატურ ქვეყანათაგან, ანუ ევროკავშირის თვალსაზრისით ჩვენზე ბევრად უფრო წინ არის სომხეთი და მოლდოვა. პრობლემურ ქვეყნებში კი აღმოჩნდნენ უკრაინა და საქართველო. გუშინ ვიღაცები დაიჭირეს, თან ნატოს აქ ყოფნის ფონზე, მერე ბოდიში მოუხადეს, ბორკილები მოხსნეს და უთხრეს, რომ აბა, უკანა კარიდან გადით, რომ არავინ გაიგოს, ჩუმად, არავის უთხრათ, რომ დაგიჭირეთო. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლმა მინისტრმა აიღო სიტყვა და თქვა: ის, რაც მოხდა ამ დაჭერებთან დაკავშირებით, საბოტაჟი იყო გარე ძალების მხრიდან და ვიღაცამ ეს სპეცილაურად გააკეთაო. ჩვენ ბოდიშს მოგიხდით და ვინც ეს ჩაიდინა, ყველას მოვთხოვთ პასუხსო. ნატოს მიმართა ასე. იქვე მომიბრუნდა ნატოს მაღალი რანგის დიპლომატი და მითხრა, რომ საბოტაჟი  საბჭოთა სიტყვააო. საბჭოთა კავშირში ახსენებდნენ ამ სიტყვას და ეს არ არის დემოკრატიული ტერმინიო… რომ ვიღაცა საიდანღაც შემოგზავნილი, ჩანერგილი, მოგზავნილი რაღაცას აკეთებს ზურგს უკან. როგორც კი ნატო აფრინდა, ისევ მიაკითხეს და დიდი ნაწილი ისევ დაიჭირეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ნატო საქართველოს, როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკება, რადგან ალიანსს არ სურს არც მონობა და არც ბატონობა.

 

“იმას არც შენი მონობა უნდა და არც გებატონება. ის არის შენი პარტნიორი. მონამ ბატონი შეიძლება მოატყუო, მაგრამ პარტნიორს ერთხელ რომ მოატყუებ და ისე დაელაპარაკები, როგორც გუშინ ნატოს დაველაპარაკეთ… ნატოა ეს, ჩვენი სასიცოცხლო ხაზი, რომელზეც ჩაფრენილები უნდა ვიყოთ. მართლა ტურისტები ხომ არ არიან, რომ აქეთ–იქით დადიოდნენ და ერთობოდნენ, ყოველი მათი ჩამოსვლა, ყველა დეკლარაცია არის ის, რომ ჩვენმა დამპყრობელმა ხელები შორს დაიჭიროს ჩვენგან. არ შეიძლება პარტნიორებთან ასე აგდებული დამოკიდბულება. თუ შენ მარტო ჯაყოს ფსიქოლოგია გაქვს და შეგიძლია ვიღაცას მარტო ემონო, ან უხეშად ელაპარაკო, შენ ვერასოდეს იქნები დემოკრატიული სამყაროს ნაწილი”.

 

“ვინ თხოვდა მინისტრს, რომ ეთქვა საბოტაჟია და ბოდიშს გიხდითო. გეგონება, საბავშვო ბაღში ვართ”. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, “უნდა ვისწავლოთ დემორკატიული სამყაროს წესებით ცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე მართლაც უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამავე დროს  წესების და საკუთარი სიტყვების დაცვა უნდა მოხდეს”.

 

“პარტნიორი არ უნდა მოატყუო და გააბაიბურო. გამოვიდეთ ჯაყოს ფსიქოლოგიიდან. მორჩა, არ გვჭირდება ჩვენ ჯაყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი