“ჟენევის დისკუსიების შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება იმიტომ, რომ… ე.წ. ცეკვა ადგილზე უკვე მესამე რაუნდია გრძელდება”.
როგორც ცნობილია, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, სადაც კონფლიქტის მხარეების გარდა მონაწილეობას გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს და აშშ–ის წარმომადგენლებიც იღებენ.
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ იგი ქართული მხარისაგან ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით ელის, რომ კონსტრუქციულ მიდგომებს მიენიჭება უპირატესობა. იგი არ გამორიცხავს, რომ “ქართველ პარტნიორებს საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში გაუჩნდათ განცდა, რომ იმაზე მეტად პატრიოტულები და მკაცრები გამოჩნდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები იყვნენ”.
“ჩვენ ველით კონსტრუქციულ მიდგომებს. შეიძლება, ეს მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩატარდება”, – განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, მთავარი საკითხი, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებების 24–ე რაუნდი ჩიხში შეიყვანა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამავალ საოკუპაციო ხაზეე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესი იყო. აღნიშნული რაუნდი, რომელიც 26 ივნისს იმართებოდა, ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩამოსული დელეგაციის წარმომადგენელთა მიერ ფორმატის შეცვლის მცდელობით დასრულდა. თანათავმჯდომარეებმა და ქართულმა დელეგაციამ ეს მცდელობა აღკვეთეს. სწორედ ამიტომ, შეხვედრა დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე გათვალისწინებული იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ერკ რუბინმა აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“კარგი დისკუსია გვქონდა, ქართულმა მხარემ საკუთარი შეშფოთება დააფიქსირა, რომელიც ჩვენც გვაწუხებს და ბორდერზაცის პრობლემას ეხება, ასევე, მილიტარიზაციას და ადმინისტრაციული ხაზის საზღვრად გადაკეთების პრობლემას. ეს არ არის მარტო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს საკითხი ჰუმანიტარულ პრობლემებსაც ქმნის. სამწუხაროდ, ერთმა მხარემ ფორმატის შეცვლა სცადა, რაც აღიკვეთა და ჩვენ შეხვედრა შევწყვიტეთ,”- განაცხადა ერიკ რუბინმა.
ჟენევის მოლაპარაკებების 25–ე რაუნდი 16 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.








