ახალი ამბები

პრეზიდენტი: როგორ მოვახერხეთ ეს, რას დაემსგავსა ჩვენი საგარეო პოლიტიკა?

27 ივნისი, 2013 •
პრეზიდენტი: როგორ მოვახერხეთ ეს, რას დაემსგავსა ჩვენი საგარეო პოლიტიკა?

 

“რამდნეიმე დღის წინ ლუქსემბურგში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ევროკავშირში სხვა ქვეყნების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. იქ განიხილეს საქართველოს საკითხი და თქვენ ნახეთ განცხადებები, სადაც ისინი გვაფრთხილებენ, რომ საქართველო და უკრაინა, ყოველ შემთხვევაში ასე ითქვა, ეს ორი ქვეყანა არის პრობლემატური. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ეს მინისტრები ორი წლის წინ იძახდნენ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და დღეს, ორი წლის თავზე, რა უბედურება გავაკეთეთ ისეთი, რომ ხუთოსნებიდან ოროსნებში აღმოვჩნდით, თუ -ათოსნებიდან ერთოსნებში. როგორ მოვახერხეთ ეს, რას დაემსგავსა ჩვენი საგარეო პოლიტიკა?! ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც აქებდნენ. დაე, ამას სიცრუით ცხოვრება უწოდოს ვინმემ, მაგრამ გვაქებდნენ და ცაში ავყავდით და ვიყავით მოდელური, სანიმუშო ქვეყანა, ახლა კი დაფაზე ვყავართ გამოკრული როგორც ერთ–ერთი ყველაზე პრობლემატური ქვეყანა ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის შეშფოთების წყარო. მთავრობამაც, პრეზიდენტის ინსტიტუმაც და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველო ამ სახიფათო ზონიდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის მინისტრებმა თქვეს, რომ საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდა, ეს არის მრავალწლიანი [უკან] დახევა და მგლის ხახაში გადაგდება. არ შეიძლება ეს ვინმეს უხაროდეს, არ შეიძლება, ან რომელიმეს მოგვწონდეს ჩვენი ქვეყნის რეგრესი. აქ პოლიტიკური ხაზები არ უნდა იყოს, ჩვენ ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ გვაფრთხილებენ… ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში, სადაც პედაგოგი ბავშვს ყურს აუწევს და მეორე წუთში ეს ყველას ავიწყდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი საყურადღებოა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი