ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, NASA-სთან ერთობლივ პროექტს იწყებს

7 ნოემბერი, 2017 • 2701
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, NASA-სთან ერთობლივ პროექტს იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის განცხადებით, ცენტრმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან (NASA) ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს, ძირითადად ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე.

“გამოყენებული იქნება NASA-ს კუთვნილი თანამგზავრი Landsat და ESA-ს(ევროპის კოსმოსური სააგენტო) უახლესი თანამგზავრი Sentinel 2. კვლევის დროს კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომლებიც XX საუკუნის 60-70- წლებში ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის
ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს” – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი,
გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან.

პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და მისი შედეგები  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი  ვებპორტალის საშუალებით იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი