პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე 26 ივნისს “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ბურჭულაძე ხალხის წიაღიდან გამოსული კანდიდატია და მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
ბაღათურიამ ასევე დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს პაატა ბურჭულაძესთან არა მხოლოდ ის, არამედ სხვა პოლიტიკური სპექტრიც აწარმოებს.
“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ბატონი პაატა ფიქრობს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – აცხადებს ბაღათურია.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საოპერო მომღერალსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელს პირველად, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2012 წლის მაისში შეხვდა ოფიციალურად. შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის და პაატა ბურჭულაძე საუბრისას პოლიტიკის თემასაც შეეხნენ.
“მე და პაატა ვცდილობთ პაატა დარჩეს აპოლიტიკური. მას არ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ეს ჩემთვის გასაგებია,”- განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.
ბურჭულაძის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მისი პოლიტიკაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე შეთავაზება, რაზეც ყოველთვის უარს ამბობდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელებული ჰყავს მმართველ კოალიციას და გიორგი მარგველაშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მარგველაშვილის გარდა, ცნობილია კიდევ რამდენიმე კანდიდატის ვინაობაა, მათ შორისაა, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, “ქართულ-აფხაზურ-ოსური საერთაშორისო მოძრაობის” ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იქნება საპარლამენტო ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც პრაიმერის გზით შეირჩევა.