ახალი ამბები

ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრების ინტერესებთან დაკავშირებით კითხვებზე საუბრობს

6 ნოემბერი, 2017 • 2072
ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრების ინტერესებთან დაკავშირებით კითხვებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან გამოხატული აგრესია აჩენს ეჭვებს მათზე შესაძლო ზეგავლენის არსებობასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ნაზი ჯანეზაშვილმა 6 ნოემბრის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საბჭოს მოსამართლე წევრები და ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

“არის ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და ალბათ ამ ინტერესების გამოხატულებაა სწორედ ეს დღევანდელი კითხვები და ფორმაც. ეს არის მოსამართლეების ჯგუფი, რომელთაც აქვთ ერთნაირი პოზიციები, ხშირ შემთხვევაში, აქვთ ერთნაირი გადაწყვეტილებები. ამიტომ, სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, არ უნდა მოგვერიდოს იმის თქმა, რომ დიახ, ასე მიიღება საბჭოში გადაწყვეტილებები. თუ ამაზე არ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ეს პრობლემა გადაიზრდება სხვა საკითხებში. არ უნდა გახდეს სასამართლო სისტემა იზოლირებული, ვინაიდან ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთ შტო და არა კონკრეტული ჯგუფის რაიმე ორგანო ან დაწესებულება.

კანონმდებლობით, მოსამართლეებს აქვთ უზარმაზარი გარანტიები – გამოცდილების მქონე მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ და ჩვენ სისტემაში უკვე გვყავს 60 უვადოდ დანიშნული მოსამართლე. მათ შორის ის ადამიანები, ვინც დღეს ამა თუ იმ საკითხებზე კამათობდნენ, არიან უვადოდ დანიშული მოსამართლეები. ძნელად წარმომიდგენია კიდევ რაიმე დამატებითი გარანტიები მათთვის, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებულები, არ იყვნენ ზეგავლენის ქვეშ რომელიმე კლანის ან რომელიმე პირის მხრიდან. კანონმა მისცა ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლები. ამის შემდეგ რომ კიდევ ხდება ასეთი რაღაც ინტერესების გამოვლენა, ბუნებრივია, ეს კითხვას აჩენს, ხომ არ არის აქ რაიმე სხვა ბრძოლა იმისთვის, რომ მოიპოვო სხვა ტიპის ძალაუფლება და სასამართლო გახდეს კიდევ უფრო იზოლირებული და ჩაკეტილი სისტემა. ადამიანები, რომლებიც უვადოდ დანიშნული არიან და კიდევ ამ ტიპის აგრესიით გამოირჩევიან, კიდევ სხვა ტიპის ინტერესები აქვთ, ეს უკვე სხვა სისტემაა. ეს არ არის მხოლოდ მოსამართლის დამოუკიდებლობა, ეს არის სისტემაში რაღაც ტიპის ძალაუფლების მოპოვების სურვილი,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მან შეტევა და აგრესია უწოდა ნინო გვენეტაძის მიმართ საბჭოს მოსამართლე წევრების ქმედებებს.

“დღევანდელ სხდომაზე მიმდნარებდა, მე დავარქმევდი შეტევას, აგრესიასაც, ნინო გვენეტაძის მიმართ, აქ არ არის არსებითი, მოგვწონს თუ არა ის როგორი თავმჯდომარეა. აქ არსებითია, როგორ ვურთიერთობთ ჩვენ ერთმანეთთან, კოლეგებთან. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვაქვს ღრმა და ძალიან მძლავრი არგუმენტები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება, რომ ვისაუბროთ ამ არგუმენტებით. თუ ჩვენ არ მოგვწონს მისი გადაწყვეტილება, ვისაუბროთ, თუ რატომ არ მიგვწონ. ის ფორმა, რა ფორმითაც სხდომა მიმდინარეობს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემას. და ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნინო გვენეტაძე არის უზენაესი სასმართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამ ფორმით გამოხატული აგრესია მისდამი, ეს არ არის მართებული,”-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმღლესი საბჭოს დღევანდელი, 6 ნოემბრის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს თავმჯდომარემ მოსამართლე წევრები ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა, მოსამართლე წევრებმა კი განაცხადეს, რომ გვენეტაძე საბჭოს ერთპიროვნულად მართავს და საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი