ახალი ამბები

გურამ კაშია: ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვიქნები

4 ნოემბერი, 2017 • 3097
გურამ კაშია: ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვიქნები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი ნაკრებიდან გაძევების მოთხოვნის საბაბი გახდა. კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა .

შეკითხვას – რა მოხდა საბოლოო ჯამში და რამ განაპირობა ის, რომ ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა შენს ირგვლივ- გურამ კაშიამ ასე უპასუხა:

“ეს იყო ჩვეულებრივი კამპანიაა, რაც დაწყებული იყო ჰოლანდიაში, ერედივიზიონში იყო ტური, რომელშიც საერთოდ ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტური ყოფილიყო და მხარი დაეჭირათ გარკვეულ კატეგორიის ხალხზე, რომლეთა მიმართაც ძირითადად აგრესიით არიან განწყობილი, არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო. ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს და რატომ მიაქციეს, მართალი გითხრა…

ბევრს ჰქონდა ამაზე თავიანთი აზრი, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა, რაც მე ვთქვი ინტერვიუში, რომ მე ყოველთვის აგრესიის წინააღმდეგი ვარ, მარტო იმ აგრესიის არა, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიმართ არის. რამდენი რამეში შეიძლება აგრესია ნახო?! ბავშვები, ცოლი, ქმარი, კაცი, ქალი, შავკანიანი, თეთრკანიანი, რელიგია, რამდენ რამეში აქვთ ადამიანებს აგრესია ერთმანეთის მიმართ?! მე ამის წინააღმდეგ ვთქვი, ამის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები და ყველა უნდა იყოს ჩემი აზრით”,- განაცხადა კაშიამ “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. ამის გამო მოძრაობამ “ქართველთა მარში” ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართა, კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი