ახალი ამბები

პრეზიდენტმა რამდენიმე კანონპროექტს ვეტო დაადო

25 ივნისი, 2013 •
პრეზიდენტმა რამდენიმე კანონპროექტს ვეტო დაადო
ეს განცხადება დღეს, 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

“მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც ქვეყნის პირველმა პირმა უკან დაუბრუნა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შენარჩუნებას და კიდევ უფრო განმტკიცებას.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტი არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ქვორუმს, რაც ცალსახად უქმნის საფრთხეს მეურვეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს.

ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრთა, არამედ მთლიანად სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა. მოქმედი კანონი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი