ახალი ამბები

ISIS ერაყსა და სირიაში უკანასკნელ ტერიტორიებს კარგავს

3 ნოემბერი, 2017 • 3472
ISIS ერაყსა და სირიაში უკანასკნელ ტერიტორიებს კარგავს

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ერაყისა და სირიის საზღვართან მდებარე  უკანასკნელ ქალაქებს კარგავს. 3 ნოემბერს სირიის სამთავრობო არმიამ ტერორისტებისაგან ქალაქი დეირ აზ-ზორი გაათავისუფლა, მეზობელი ერაყის ძალებმა კი კონტროლი ქალაქებზე – ალ-კაიმსა და რავაზე –  აღადგინეს. ორივე ქალაქი, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ დეირ აზ-ზორის დაკავების შესახებ ინფორმაცია 3 ნოემბერს, შუადღისას გაავრცელა. სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, სიდიდით მეშვიდე ქალაქის გასათავისუფლებლად ბრძოლა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ISIS-მა  2014 წელს დაიკავა. ამჟამად სამხედრო ნაწილები ქალაქის ცალკეულ კვარტლებსა და უბნებს წმენდენ, სადაც ტერორისტების გარკვეული წინააღმდეგობა ჯერ კიდევ შეინიშნება. Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ქვეყნის სამთავრობო წყაროს ეყრდნობა, სამხედრო შენაერთებს 40 კილომეტრი აშორებთ კიდევ ერთ სასაზღვრო ქალაქ ალბუ კამალისგან, რომელიც პრაქტიკულად, ბოლო დასაყრდენს წარმოადგენს “ისლამური სახელმწიფოსთვის” სირიის ტერიტორიაზე.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვან წინსვლას აღნიშნავენ ერაყში, სადაც ქვეყნის სამთავრობო ძალებმა და საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, სასაზღვრო ქალაქი ალ-კაიმი გაათავისუფლეს. თავდაპირველად ინფორმაცია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა გაავრცელა, საღამოს კი ცნობა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდელ ალ-აბადიმ დაადასტურა.
საერთაშორისო კოალიციის განცხადების მიხედვით, ბოლო მომენტამდე ქალაქში “ისლამური სახელმწიფოს” 1500-მდე მებრძოლი რჩებოდა. ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილის მსგავსად, ალ-კაიმში, რომელშიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე 150 000 ადამიანი ცხოვრობდა, ტერორისტული ორგანიზაცია 2014 წლის ზაფხულიდან იყო გამაგრებული. მსოფლიო მედია მას ISIS-ის “უკანასკნელ ბასტიონად” მოიხსენიებდა.
აღსანიშნავია, რომ ერაყის არმიას ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს: ერთი მხრივ, ტერორისტებთან, მეორე მხრივ კი, ერაყის ქურთისტანის სამხედრო ნაწილებთან, ტერიტორიული დავის გამო.

დეირ აზ-ზორისა და ალ-კაიმის დაკარგვის შემდეგ, “ისლამური სახელმწოფო”, როგორც ტერიტორიული წარმონაქმნი, დასასრულს მიუახლოვდა. აღნიშნული ქალაქები მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო – სწორედ ამ გზით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტები და  იარაღსა და სხვა რესურსებს ცვლიდნენ. BBC საერთაშორისო კოალიციაზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული ქალაქებიდან განდევნის შემდეგ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ 2014 წელს დაკავებული ტერიტორიის 95% დაკარგა.

“ისლამური სახელმწიფო”, რომელიც სხვადასხვა ფორმითა და სახელწოდებით, 1999 წლიდან არსებობს, 2014 წელს გაძლიერდა, როცა ერაყისა და სირიის ფართობის მესამედი დაიკავა და იქ ე.წ. სახალიფო გამოაცხადა. თუმცა ბოლო პერიოდში ორგანიზაციამ კონტროლირებადი ქალაქების ძირითად ნაწილზე, მათ შორის მოსულსა(ერაყი) და რაქაზე(სირია), კონტროლი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი