ახალი ამბები

შანიძე – “იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფსიქოტროპულებს, შსს-ს წარმომადგენელმა მკითხა”

3 ნოემბერი, 2017 • 2189
შანიძე – “იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფსიქოტროპულებს, შსს-ს წარმომადგენელმა მკითხა”

ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის საქმის მოწმემ, რომელიც შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ გარდაცვლილი ფსიქოტროპულ ნივთიერებს მოიხმარდა, განაცხადა, რომ ეს კითხვა მას შსს-ს წარმომადგენელმა დაუსვა. ნოდარ შანიძის თქმით, ინტერვიუ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა:

„მეკითხებოდნენ, მერე ჩართავდნენ კამერას და ვპასუხობდი. ფსიქოტროპულზე იმათ მკითხეს, მე კი არ მომიგონია. იმათ მკითხეს, მე გავეცი პასუხი. იმათ მკითხეს, იღებდა თუ არა, მე ვუპასუღე, იღებდა-მეთქი”, – თქვა შანიძემ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ინციდენტი  25 ოქტომბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის შესახებ საუბრობდნენ.

“ბუნებრივია, პატრულმა იმოქმედა შესაბამისად და გადაუგრიხა მას ხელი, იყო მთვრალი, ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა, ერთხელ, ფსიქიატრიულში წამიყვანეთო, სასწრაფოს თვითონ დაურეკა და სთხოვა. მას ჰქონდა ეს პრობლემები, ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, სულ ლოთობდა და ავტოფარეხშიც ცხოვრობდა ერთი პერიოდი. არ იყო ჯანმრთელი ადამიანი, მაგრამ პატრულს რომ შეაგინა და პატრულმაც შესაბამისად იმოქმედა, ალბათ გულზე იმოქმედა. არ ვიცი,რაზე იმოქმედა, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს” – ამბობდა შანიძე შსს-ს მიერ მომზარებულ ვიდეოში.

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეოს გავრცელებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული სიუჟეტით ცალსახად ცდილობდა დაღუპულზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალების წინასწარი ვერსიის მიწოდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი