ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვიძალადოთ თუ არ ვიძალადოთ? – სომხეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტს განიხილავენ

3 ნოემბერი, 2017 • 4296
ვიძალადოთ თუ არ ვიძალადოთ? – სომხეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტს განიხილავენ

“მომავალ ქმარს ჩვენმა საერთო ნაცნობმა გამაცნო. ერთი თვის შემდეგ დაქორწინება შემომთავაზა. მაშინ 32 წლის ვიყავი და რადგან ჩემს მშობლიურ ქალაქში, გიუმრიში, ასაკის გამო უკვე “გასათხოვრად უვარგისად” მიმიჩნევდნენ, შემოთავაზებაზე ბევრი არც მიფიქრია. ქორწილის შემდეგ თითქოს ჩემი თვითშეფასება ამაღლდა. თავი ქალად ვიგრძენი, – ჰყვება ნეტგაზეთთან საუბარში 36 წლის ანია.

ქორწინების პირველი რამდენიმე თვე, როგორც თავად ამბობს, ნამდვილი “თაფლობის თვეები” იყო. მალევე მისი ქმარი, ისევე როგორც ბევრი კაცი სომხეთში, სამუშაოდ რუსეთში წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ანიაც ქმართან გაემგზავრა.

“პირველმა კვირამ კარგად ჩაიარა, რადგან ერთმანეთი მონატრებული გვყავდა. მერე კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. უკიდურესად ეჭვიანი აღმოჩნდა. სახლიდან გასვლა და ფანჯრიდან გახედვაც აკრძალული მქონდა. ერთხელ მის სატელეფონო ზარს ვერ ვუპასუხე. ხუთ წუთში სახლში გაჩნდა და სასტიკად მცემა იმის გამო, რომ ტელეფონზე სხვას ველაპარაკებოდი. პარადოქსი იყო ისიც, რომ საყვარელი ქალი ჰყავდა და არც დაუმალავს ეს”.

რუსეთში ცხოვრების მეორე თვეში ანიამ შეიტყო, რომ ორსულად იყო.

“ქმარი სამსახურში იყო და სმს მივწერე, ორსულად ვარ-მეთქი. იმედი მქონდა, რომ როგორც კი ბავშვი დაიბადებოდა, ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა. შევცდი. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. იმაზეც კი მიფიქრია, ჩემმა ქმარმა პირობა დადო საკუთარ თავთან, რომ გამანადგუროს და ყოველდღე მცემოს. სახლში დამპალი ხილი მოჰქონდა და მაიძულებდა მეჭამა. ერთხელ ქუჩაში ტალახში ამოსვრილი ხელთათმანი უპოვია, მოიტანა სახლში, მაიძულა გამეკეთებინა და მაღაზიაში წავსულიყავი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთელი ორსულობის განმავლობაში მცემდა. ვერ დავთვლი, ჩემს ზურგზე რამდენი სკამი და ცოცხი გადაამტვრია”.

ანიას უცხო ქვეყანაში არც ნაცნობი ჰყავდა და არც სადმე წასასვლელი ჰქონდა. ფულიც არ ჰქონდა. მშობიარობის შემდეგ მის მიმართ ძალადობა არ შეჩერებულა, პირიქით, ქმარი უკვე ბავშვსაც სცემდა.

“ამა წლის იანვარში სტუმრად ჩემი ქმრის მეგობრის ოჯახი ჩამოვიდა. ისინი იმ ქალაქში ჩემი ერთადერთი ნაცნობები იყვნენ და კარგად ხედავდნენ ჩემს მდგომარეობას. როდესაც ქმარმა საჭმელი მორიგ ჯერზე გადამასხა თავზე და აბაზანაში გავიდა, მათ მითხრეს, რომ თუ სურვილი მექნებოდა, დამეხმარებოდნენ, უკან სომხეთში რომ გავქცეულიყავი. ჩამოვედი. ისიც უკან გამომყვა. მერე პოლიციას მივმართე და ჩემთან მოახლოება აუკრძალეს”.

ახლა ანიას სახლის გაყიდვა და აშშ-ში გამგზავრება სურს. რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს ერთადერთი გზაა, რომ ყოფილი ქმარი თავიდან მოიშოროს.

ანიას ისტორია მის მშობლიურ ქალაქში არ არის ერთადერთი. სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობის 602 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 142 ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული. ბოლო შვიდ წელიწადში 50 ქალი სწორედ ქმარმა, პარტნიორმა ან ყოფილმა ქმარმა მოკლა.

ამ დღეებში სომხეთში “ოჯახში ძალადობის შეჩერების და ოჯახში ძალადობისგან დაცვის” შესახებ კანონპროექტის განხილვას კვლავ დაუბრუნდნენ.

“ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მკვლელობათა 17% სწორედ ოჯახებში ხდება – ეს სერიოზული პრობლემაა. არასწრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულთა 47%-იც ოჯახში ხდება”, – გვიყვება ზარუი ოგანესიანი, უფლებადამცველი და კოალიცია “ქალთა მიმართ ძალადობის” წევრი.

როგორც ოგანესიანი ამბობს, უფლებადამცველი ორგანიზაციები ქალებისგან წელიწადში 5000-ზე მეტ ზარს პასუხობენ.

“უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, სჭირდებათ შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რათა კანონის ენაზე შეძლონ იმ ქალების დახმარება, ვინც მათ მიმართავს. დღეს მსგავსი ორგანიზაციები ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. კანონი მსხვერპლთა დაცვის საქმეში ძალიან სერიოზულ მექანიზმებს ითვალისწინებს. მის გარეშე კი რთულია მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს. როგორც იქნა, დადგა ის დრო, როდესაც ეს შეიძლება რეალობად იქცეს”, – ამბობს უფლებადამცველი.

დღეს სომხეთში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მიღებას. წლების წინ, აღნიშნული კანონი სომხეთში სწორედ ამ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მოსაზრების გამო არ მიიღეს.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, სომხურ საზოგადოებაში კულტურული წინააღმდეგობა არსებობს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ოჯახი მათი საკუთრებაა და რაც მოესურვებათ, ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ. მათ შორის არიან სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატები.

“არცერთ გონიერ ადამიანს არ სურს ძალადობა. ახლა ჩვენ სწორედ პრობლემის გადაჭრისკენ მივისწრაფით. ოჯახში ძალადობის მიზეზები სოციალურია და დღეს მნიშვნელოვან საკითხად დგას სომხური ოჯახების ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესება. ამ მხრივ ნაბიჯები იდგმება”, – ამბობს დეპუტატი “აღორძინებული სომხეთიდან” ვაგე ენფიჯიანი.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭოები შეიქმნება, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრობლემაზე იმუშავებენ.

დეპუტატები პირდაპირ არ ამბობენ, თუმცა საზოგადოების ზოგიერთი წევრი ღიად აცხადებს, რომ სომხეთს ამ კანონის მიღებას ევროკავშირი აიძულებს.

“ამ კანონს საერთო არაფერი აქვს სომხეთთან. ჩვენი ხელისუფლება უნდა მოელაპარაკოს ევროკავშირს და განუმარტოს, რომ ევროპული და სომხური ღირებულებები განსხვავებულია”, – ამბობს პოლიტოლოგი მელიკ ტერ შახნაზარიანი.

სომხეთის მოქალაქეების ნაწილიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგია.

“რა კავშირი აქვს სამართალდამცავს ჩემს ოჯახთან? დღეს ვკამათობთ, ხვალ შევრიგდებით, არაა საჭირო სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა. თუმცა არც წინააღმდეგი ვართ. მივიღოთ კანონი და მერე ვნახოთ”, – ამბობს ერევნის მცხოვრები ედგარი.

“და რა იქნება? თუ ცოლს მოვარტყი ან შვილს, გამასამართლებენ? ეს ხომ საჩვენებელი სილის გაწვნაა და ამას მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებ”, – ამბობს მეორე ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქე კაცი.

კაცებისგან გასხვავებით, ქალები სომხეთში დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან კანონის მიღებას. მაგალითად, რუზანა გიუმრიდან ამბობს, რომ კანონის არსებობის შემთხვევაში თავდაჯერებული იქნება. ახლა კი, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რა გზას მიმართოს, არ იცის.

“ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, რომ უნდა გავშორდე ქმარს და ჩემმა ქმარმა პასუხი უნდა აგოს ჩემს წამებაზე, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე და არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო”, – ამბობს რუზანა.

კანონპროექტის შესახებ დისკუსია სომხეთში ყველაზე მაღალ დონეზე მიმდინარეობს. მმართველი რესპუბლიკური პარტიის 26 ოქტომბრის სხდომის შემდეგ ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, ედუარდ შარმაზანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია პრობლემურია.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ განხილვები. მომავალ დღეებში ჩვენი პარტია წარმოადგენს თავის წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს კონსტიტუციასთან და ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ მიგვაჩნია, ახალი მიდგომები უნდა შევიმუშაოთ. როგორც ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, მეც გარკვეული ხარვეზები ვნახე იქ და ვფიქრობ, ამ სახით საკანონმდებლო ინიციატივა პრობლემურია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ტრადიციული ოჯახური ღირებულებები, მეორე მხრივ კი, დავგმოთ ძალადობა”, – ამბობს შარმაზანოვი.

თუმცა, კონკრეტულად, კანონპროექტის რომელი პუნქტები ეწინააღმდეგება “ტრადიციული ოჯახის” გაგებას, ამის შესახებ არ საუბრობს.

კანონპროექტი ჯერ კიდევ 2007 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ არის ინიცირებული და შემუშავებული, თუმცა, მისი დაწუნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელს მისი თავიდან შემუშავება დაიწყო, საკანონმდებლო პაკეტი კი ნოემბერში წარადგინეს.

2016 წლის 16 ნოემბერს იუსტიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა კანონპროექტი, სახელწოდებით “ოჯახში ძალადობის შეჩერებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, თუმცა ოპოზიციურმა ფრთამ ეს კანონპროექტი “გრანტიჭამიების” ინიციატივად შეაფასა, რომელიც “ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული”.

დიდი ხმაურის გამო კანონპროექტი ვებგვერდიდან მეორე დილასვე წაშალეს. საზოგადოებას კი შეგვპირდნენ, რომ მომავალში ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვები მოეწყობა და შემდეგი ვარიანტი რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გამოქვეყნდება. თუმცა მას მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაუბრუნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი