ახალი ამბები

საქართველოში სურსათის ფასები იზრდება, მსოფლიოში შემცირებულია

3 ნოემბერი, 2017 • 2830
საქართველოში სურსათის ფასები იზრდება, მსოფლიოში შემცირებულია

საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები იზრდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში ფასების შემცირების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, ოქტომბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მსოფლიოში სამომხმარებლო ფასები 2.5%-ით შემცირდა.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ფასების შემცირება გამოიწვია რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებამ 27%-ით.

სსმო-ს მონაცემების მიხედვით, რძის პროდუქტებზე ფასების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმპორტიორთა მხრიდან ამ პროდუქტების შესყიდვის შეჩერება წარმოადგენდა. იმპორტიორები კარაქსა და რძის ფხვნილის შემოდინებას ოკეანიის ქვეყნებიდან ელოდნენ, რის გამოც გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს აღნიშნული პროდუქტის შეძენა.

სსმო-ს ფასების ინდექსის თანახმად, შემცირებულია მცენარეული ცხიმის ფასებიც, რომელიც 1,1%-ით დაეცა სექტემბრის თვის შემდეგ, რაც პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ბიზნესის ზრდითაა განპირობებული.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბერში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 7.4%-ით, კონკრეტულად- რძეზე, ყველსა და კვერცხზე 11.7%-ით.  ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე- 28.4%-ით.

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 17.6%-ით გაიზარდა, თამბაქოზე 37.8%-ით, ტრანსპორტზე კი- 14.7%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვაზე 5.6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება წინა თვის მაჩვენებელს, აქაც მატებაა. 2017 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი