ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ნოემბრიდან პარლამენტში დაგვიანებაზე სანქციები დაწესდება

2 ნოემბერი, 2017 • 1420
კობახიძის თქმით, ნოემბრიდან პარლამენტში დაგვიანებაზე სანქციები დაწესდება

საქართველოს პარლამენტის პლენარული ხდომა, რომელიც დღეს, 12:00 საათზე, ქუთაისში იყო დაგეგმილი, 1 საათისა და 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა დეპუტატმა რევაზ არველაძემ და ის პარლამენტარები, ვინც აგვიანებს, კოლეგების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

“ძალაინ სამწუხაროა, რომ ვერცერთხელ ვერ დავიწყეთ დროზე ჩვენი სხდომა, სულ მცირე,  ერთი საათის დაგვიანებით ვიწყებთ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, ამას არანაირი სანქციები არ უშველის, ეს მენტალობის და შეგნების ამბავია ალბათ, რომელიც პატარა ბავშვობიდან მოდის.  ეს ხალხი, ვინც ასე აგვიანებს, შეურაცხყოფას აყენებს კოლეგებს და უპატივცემულობას გამოხატავს მათ მიმართ,”- განაცხადა პარლამენტის სხდომის დაწყებისას დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს უპასუხა, რომ სანქციები აუცილებელია:

“მიუღებელია ეს პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი ჩვენთვის არის სანქციები და შეგვიძლია, სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ უკეთესი მაჩვენებლები გვქონდეს სხდომებში მონაწილეობის, დასწრების და ასევე არდაგვიანების,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი