“არ მინდა დავემსგავსო ისეთ ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ სტალინმა არ იცოდა. “პოსტსკრიპტუმი” გარკვეულწილად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზრალებულებს და მათ ოჯახებს. მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებები მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი მომხდარის გამოვლენას და აღმოფხვრას. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას “პოსტსკრიპტუმში” მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხხვევაში გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პროკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი ძალადობრივი თუ კანონდარღვევით იყო მოპოვებული, “პოსტსკრიპტუმი” ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია და პატივი და ღირსება”– განაცხადა გადაცემის მიმდინარეობისას დავით კიკალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები.
შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
21 ივნისს კი, გადაცემა “პოზიციაში” შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გუშინ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მედიის წარმოამდგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩანაწერების ჩვენება დატოვა.
