ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 113 550 კოლოფი უაქციზო სიგარეტი საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდათ

31 ოქტომბერი, 2017 • 2655
საგამოძიებო სამსახური: 113 550 კოლოფი უაქციზო სიგარეტი საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის სახით დააკავეს ორი პირი, რომელთაც ჯამში, 113 550 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ.

მათივე ცნობით, ამოღებული უაქციზო სიგარეტის  საბაზრო ღირებულება, ჯამში, 353 825 ლარს შეადგენს.

“ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა. თუმცა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილით დიდი ოდენობით – 48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა ხდებოდა.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებული საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „გუგუთის“ გავლით, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით – 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონ გადაზიდვას,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით(დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი