ახალი ამბები

სააკაშვილი: სადისტები და მოძალადეები ყოველთვის შეიძლება შემოიპარონ

20 ივნისი, 2013 • 1015
სააკაშვილი: სადისტები და მოძალადეები ყოველთვის შეიძლება შემოიპარონ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სინამდვილეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ამაზრზენი და მართლაც ბოლომდე დასაგმობი და კარგად გამოსაძიებელი და გამოსაკვლევია.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცოვრობდით ჩვენს ქვეყანაში და ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც იყო მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა- ადამიანის ტანჯვა, წამება, გაუბედურება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება. ჩვენი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში და, მე მგონი, ყველამ იცით, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა და ეჭვს არ იწვევს, რომ იქ სიტუაცია მთლიანობაში იყო ძალიან გაუარესებული 99,99% შემთხვევაში. მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას კუნძული უბედურების და საზიზღრობის, ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ იქ წინა მთავრობის დროს, ჩემი მთავრობის დროს.

 

ამიტომ ძალიან კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს ამ ხალხის მიმართ. ამ ხალხს ხელი არ უნდა დააფარონ და თუ აქამდე სამართლიანობის აღდგენა იყო მხოლოდ პოლიტიკური ფიგურების მიმართ წაყენებული ბრალდებები და რეალურად წარმოუდგენელი სადისტი და მოძალადე ბედუკაძე ფაქტიურად გმირის სტატუსით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მთავარი პროკურორის და, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, იქნა გაშვებული გარეთ და პრაქტიკულად ჩამოეწერა ყველაფერი, რაც მან თავისი ნებით თუ ვიღაცის დაკვეთით გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მაინც სამართლიანობის აღდგენა, თუ ამ ტერმინს გამოვიყენებთ, სამართიანობის დადგენა, რა ვალდებულებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ აღებული, რომ ვიღაცის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება, ან რაღაც პოლიტიკურ თამაშში ჩაერთონ, ამ ხალხის გაკეთებულია და კონკრეტული შემსრულებელი კონკრეტულად უნდა აგებდეს პასუხს.

 

მე მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ სისტემას, ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები. ორი მთავარი ფიგურა კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე, ლევან ქარდავა, კუდის უფროსი და ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ჩვენ მთავრობას გადმოყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ, დავტოვეთ და, როგორც ჩანს, ძველი ცოდვები ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც. ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთან. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი დღევანდელი საქართველოს ხუხაშვილის, მთავარი მრჩევლის და ბიზნესში ახლა მთავარი ბატონ-პატრონის და, სამწუხაროდ,  ამ მთავრობის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურის. ჩხატარაშვილი არის მისი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების დღესდღეობით. ხოლო ლევან ქარდავა, კუდის ყოფილი უფროსი, არის ის ადამიანი, ვინც, მაგალითად, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. იმიტომ, რომ მე ამ ორ ადამინს არ ვიცნობდი, არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, არ გავუშვით, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავორბის დროს. მაგრამ მე ასევე მინდა ვუთხრა საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რომ ამ ხალხს არც იმ მილიონებს უნდა აძლევდნენ, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან და არც უნდა იყენებდნენ იმ ბინძური შეკვეთების შესრულებაში იმის სანაცვლოდ, რომ მათ პრაქტიკულად თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და პირიქით, ამ ყველაფრიდან გამოვიდნენ გამდიდრებულები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი