ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ეს რომ აფხაზების მოთხოვნით ყოფილიყო, ტიშკევიჩი ადრე წავიდოდა

20 ივნისი, 2013 • • 943
ზაქარეიშვილი: ეს რომ აფხაზების მოთხოვნით ყოფილიყო, ტიშკევიჩი ადრე წავიდოდა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ გალში იმართებოდა, 2012 წლის აპრილში შეწყდა, მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი ქართული მხარის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა და ზემოხსენებული ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ივნისის თვის ბოლოს საქართველოში ტიშკევიჩის მანდატი იწურება და იგი ქვეყანას დატოვებს. ზაქარეიშილი ფიქრობს, რომ ამ ფაქტსა და აფხაზური მხარის უკმაყოფილებას შორის კავშირი არ არსებობს.

 

“ეს რომ აფხაზების მოთხოვნით ყოფილიყო, ის ადრე წავიდოდა, ვიდრე არ ამოეწურა ვადა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის თვლიდა, რომ ტიშკევიჩი უნდა ყოფილიყო და შეესრულებინა თავისი ფუნქციები, არა მარტო აფხაზეთის მიმართულებით”, – აცხადებს მინისტრი. 

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. 

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს  ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.

მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. 

მას შემდეგ მისია ახორციელებს 24- საათიან პატრულირებას  და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ასევე,  შესაბამის მიდამოებში ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობით, მისია ზოგადად უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი