ახალი ამბები

“ნუ აყალბებ ჩემს უფლებებს” – აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ

19 ივნისი, 2013 •
“ნუ აყალბებ ჩემს უფლებებს” – აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ

“ჩვენ, ვინც აღშფოთებული ვართ 17 მაისის მოვლენების ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტისეული შეფასებებით და მიგვაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება,


ხვალ, ხუთშაბათს, 20 ივნისს ვიღვიძებთ ადრე და სამსახურში, სასწავლებელში ან სხვა საქმეზე წასვლამდე ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას ვასრულებთ!


როგორც შევიტყვეთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხუთშაბათს, 20 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, თბილისში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” აპირებს 6 თვის მუშაობის შეჯამებას. შესაბამისად, ჩვენც ამავე დროს, ამავე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბებით.


ჩვენი აქციის მიზანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას ვაჩვენოთ, რომ პეტიციას ნამდვილი ადამიანები აწერენ ხელს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. აქციაზე მივიტანთ ამობეჭდილ ფოტოებს, რომელიც ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე “საზოგადოება” გავრცელდა, სადაც პეტიციის ხელმომწერები რეგისტრაციის ნომრებს უთითებენ, ასევე ტაბურეტებს, როგორც ადამიანის უფლებების უგელვებელყოფის თანამედროვე, ქართულ სიმბოლოს.


18 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომა ჩაატარა, სადაც პეტიციის არცერთი ხელმომწერი არ ყოფილა მოწვეული, თუმცა მას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ 17 მაისის ძალადობრივ აქტებს. აღნიშნულ სხდომაზე კომიტეტმა 17 მაისის მოვლენების შესახებ დასკვნის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა.


ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეთა პეტიცია 24 მაისს შევიდა, რომელსაც თან 12 000 ხელმოწერა ჰქონდა დართული. პეტიციაზე ხელმოწერა ისევ გრძელდება და ამ დროისთვის მას 14 700-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


ადამიანის უფლებების კომიტეტს არ აქვს ჩვენი უფლებების გაყალბების უფლება”, – ნათქვამია აქციის მონაწილეთა განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი