ახალი ამბები

“17 მაისზე პარლამენტის დასკვნაში ფაქტები დამახინჯებული, კანონი კი ინტერპრეტირებულია”

19 ივნისი, 2013 • 1077
“17 მაისზე პარლამენტის დასკვნაში ფაქტები დამახინჯებული, კანონი კი ინტერპრეტირებულია”

ერთობლივ განცხადებას ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF)  და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებენ.

 

“ამგვარი განმარტებებით დასკვნის პროექტის ავტორები არასწორად ახდენენ ფაქტების წარმოჩენას და ამით ცდილობენ  გამართლება მოუძებნონ სახელმწიფოს არაადეკვატურ მოქმედებასა და კონტრდემონტრანტების მიერ გამოვლენილ აგრესიას, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა.

 

სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის იმ წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ხსენებული დასკვნის პროექტის მომზადებაში, ადამიანის უფლებათა თანამედროვე გაგების შესახებ აბსოლუტურად არასწორი შეხედულება აქვთ. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები დამახინჯებულია, ხოლო შეფასებები ნებსით ან უნებლიეთ ადამიანის უფლებათა სამართლის არასწორი ინეტრპრეტაციებით არის წარმოდგენილი”, – ნათქვამია განცახდებაში.

 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დასკვნის პროექტის ტექსტი იმდაგვარადაა შედგენილი, რომ  იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ განმარტების შესაძლებლობას, რაც, ერთი მხრივ, არ შეესაბამება 17 მაისს დაგეგმილი აქციის ხასიათს, ამასთან, ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და აკნინებს ლგბტ პირთა უფლებებს.

 

“ლგბტ პირების მიერ საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის თვითპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა და ამ საკითხის პროპაგანდად შეფასება  და მისი უარყოფითი შინაარსით წარმოჩენა კონფლიქტში მოდის ლიბერალურ ღირებულებებთან. მით უფრო, რომ უშუალოდ ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვა ევროპის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში უარყოფითად იქნა შეფასებული  ევროპის საბჭოს მიერ და მისი გაუქმება იქნა მოთხოვნილი.  ამასთან, არასწორია კომიტეტის განმარტება იმ საკითხის თაობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი ლგბტ პირების უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით. ამგვარი კონსენსუსის არარსებობა მხოლოდ ერთსქესიან წყვილთა ქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხებს შეეხება და ის არც ერთ შემთხვევაში არ ვრცელდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტის წარმოდგენილი შინაარსით მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან მათი შეფასებით აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოტივებით ძალადობას წაახალისებს.

 

ორშაბათს, 24 ივნისს დაგეგმილია ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც კენჭი ეყრება 17 მაისის მოვლენების შეფასების შესახებ დასკვნის პროექტს, რომლის საბოლოო ვერსიაც გუშინ, 18 ივნისს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი