ახალი ამბები

ვინ განახორციელებს პარტიების ფინანსურ მონიტორინგს საპრეზიდენტო არჩევნებზე

18 ივნისი, 2013 • • 1529
ვინ განახორციელებს პარტიების ფინანსურ მონიტორინგს საპრეზიდენტო არჩევნებზე

2011 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში. კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა. ეს სამსახური, რომელსაც 2012 წლის არჩევნების დროს ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთ ყველაზე ხმაურიან გამოწვევად იქცა. იმდროინდელი პოლიტიკური ოპოზიცია კოალიცია “ქართული ოცნების” სახით აღნიშნულ სამსახურს ოპოზიციის დევნის მექანიზმს უწოდებდა.

ინტერფრაქციული ჯგუფის შიგნით, რომელიც 1 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარლამენტის ეგიდით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე სამუშაოდ, მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა განახორციელოს პარტიების მონიტორინგი:

ლელა ტალიური
ლელა ტალიური

“ჩვენ საკმაოდ გვაწუხებს ეს საკითხი იმიტომ, რომ გასულ არჩევნებზე აუდიტის სამსახურის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყა ძალიან აქტიური და სადამსჯელო მუშაობით”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს საიას წარმომადგენელი ლელა ტალიური, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის პროცესში მონაწილეობს. საიამ საერთაშორისო გამჭვირვალობასთან და “სამართლიან არჩევნებთან” ერთად საარჩევნო საკითხებზე პარლამენტისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა ნაწილი ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტში “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე აისახა.

ინტერფრაქციულ ჯგუფში რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, მათ შორის, პარტიების ფინანსური მონიტორინგის ფუნქციის ცესკოსთვის გადაბარება, ამ ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში დატოვება და სრულიად ახალი ორგანოს შექმნა, რომელსაც აღნიშნული მონიტორინგის ფუნქცია დაეკისრებოდა. ბოლო მონაცემებით, მხარეები თანხმდებიან, რომ მონიტორინგის ფუნქცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნდა დარჩეს.


“ცესკოსთვის მონიტორინგის უფლებამოსილების დაბრუნებას ნამდვილად არ მივესალემბით, იმიტომ, რომ აუდიტის სამსახურს გააჩნია ყველა რესურსი, რაც შეიძლება საჭირო იყოს. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი, ის პირები, ვინც ამ სამსახურში არიან და გადაწყვეტილებას იღებენ, უნდა იყვნენ ნეიტრალურები”, – ამბობს საიას იურისტი, რომელიც იხსენებს, რომ აუდიტის სამსახურის ძველი ხელმძღვანელი [ლევან ბეჟაშვილი] თავის დროზე თანამდებობიდან პარტიაში წავიდა, ხოლო ახალი ხელმძღვანელი [ლაშა თორდია] ამ თანამდებობზე პარტიული საქმიანობიდან მივიდა.

“ამ კუთხით ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ, დაწესდეს შეზღუდვები თავმჯდომარისა და მოადგილის, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გარკვეული პერიოდით (ბოლო 4 წელი) ადამიანები პარტიულ საქმიანობას არ უნდა ეწეოდნენ და თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში (3 წელი) უნდა აეკრძალოთ პარტიული საქმიანობა. ეს არის ჩვენი მნიშნელოვანი რეკომენდაცია”, – აღნიშნავს ლელა ტალიური.


იურისტი ამბობს, რომ პარლამენტის წარმომადგნლებს ამ საკითხზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.


“ეს  შეიძლება გარდამავალ დებულებაშიც ჩაიდოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პარლამენტი ინტერფრაქციული სხდომებისას მაინცდამიანც ამ რეკომენდაციით არ ინტერესდება, ალბათ, შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, საბოლოოდ ვის დარჩება ეს უფლებამოსილება [პარტიების ფინანური მონიტორინგის ფუნქცია]. ვიცით, რომ ცესკო არ არის მოხარული, რომ ეს ფუნქცია მას დაუბრუნდეს. ასევე არიან უცხოელი ექსპერტები [ჯასტინ ფიშერი ბრუნელის უნივერსისტეტიდან და ლიზა კლეინი], რომლებიც ევროსაბჭომ მოიწვია ამ საკითხზე სამუშაოდ, მათაც ჰქონდათ თავიდან ასეთი დამოკიდებულება, რომ უმჯობესი იქნებოდა ცესკოს დაბრუნებოდა ეს ფუნქცია, ან სრულიად ახალი ორგანო შექმნილიყო და მას გაეკეთებინა ეს ყველაფერი, თუმცა ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ მყარად არიან იმ აზრზე, რომ ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურს დარჩეს, უბრალოდ უნდა გამოირცხოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენები ამ ორგანოს საქმიანობაში”, – აცხადებს ტალიური.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ ორგანოს უნდა დაეკისროს პარტიების ფინანსური მონიტორინგი, ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გენერალური აუდიტორი, პოლიტიკურია, ამიტომ ის პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პარლამენტში. თორდია აცხადებს, რომ თუ ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურს დარჩება, უწყება ჩვეულებრივ განაგრძობს მის შესრულებას. გენერალური აუდიტორი არ ფიქრობს, რომ იგი პოლიტიკურად მიკერძოებული თანამდებობის პირია.

“რაც შეეხება იმას, რომ აპოლიტიკური ადამიანი უნდა იყოს ამ უწყების ხელმძღვანელი, მე ვაცხადებ, რომ არანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურას ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური სამსახურია და არ შეიძლება რამენაირად გენერალურმა აუდიტორმა მიიღოს კონკრეტულ აუდიტზე გადაწყვეტილება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მონიტორინგის სამსახურზე, მონიტორინგის სამსახური არის ჩვენი ზოგადი ფუნქციების მხოლოდ 5 პროცენტი. შესაბამისად, აქ აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სააუდიტო საქმიანობას. აქ მე ვარ წარმოდგენილი როგორც მენეჯერი და ჩემი პოლიტიკური შეხედუელბების გამო ნამდვილად არ მაქვს იმის საშუალება, რომ ზემოქმედება მოვახდინო ამა თუ იმ აუდიტის განხორციელებაზე.


ლაშა თორდია
ლაშა თორდია

“ყველანაირი პოლიტიკური გავლენებისაგან ეს სამსახური არის თავისუფალი. ამაში მინდა, რომ დაგარწმუნოთ და ეს პრაქტიკაშიც უნდა განხორციელდეს. სწორედ ამის გამო მიმდინარეობს დიდი სამუშაოები ჩვენს უწყებაში, რომ საზოგადოებისათვის უფრო მეტად გასაჯაროვდეს და უფრო მეტად დაინახოს, რომ სამსახური ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებს და კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხდება სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, ანუ საკითხები შედის სასამართლოში და იქ ხდება გადაწყვეტილებების გამოტანა”, – ამბობს თორდია.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის ჯარიმების ოდენობა მცირდება. მოქმედი კანონმდებლობით უკანონო შემომწირველი თანხის ხუთმაგი ოდენობით ჯარიმდება, ინიცირებული პროექტის მიხედვით კი – მხოლოდ ორმაგით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობენ, ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ. იგივე პოზიციაზეა ლაშა თორდიაც, რომელიც აცხადებს, ამ რეკომენდაციით შესაბამის სტრუქტურებს აუდიტის სამსახურმაც მიმართა.


“ჯარიმებთან დაკავშრებით ეს ნორმა ჩვენ შევთავაზეთ… თავიდან თითქოს არ გვთანხმდებოდბნენ, თუმცა ახლა ორმაგი ოდენობა ჩაიდო. ასევე პრობლემური იყო გასაჩივრების 48- საათიანი პერიოდი, ანუ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა სამართალდარღვევის ოქმი და გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოში, 48- საათიანი პერიოდი ჰქონდა და ვერავინ ასწრებდა ამ ვადაში გასაჩივრებას. უნდა გაიზარდოს განხილვის და გასაჩივრების ვადებიც”, – აცხადებს იურისტი ლელა ტალიური. ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, გასაჩივრების ვადა 48 საათიდან 72 საათამდე იზრდება.


“ჩვენ კანონპროექტი გვქონდა მომზადებული, რომლითაც მივმართეთ იუსტიციის სამინისტრის, სამუშაო ჯგუფი იყო მაშინ, შემდეგ ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა. ანუ ეს ინიციატივა, რომ ჯარიმები შემცირებულიყო, ჩვენგანაც მომდინარებოდა. ჩვენი აზრით, ჯერ პირველ ეტაპზე უნდა იყოს გაფრთხილებები და შემდგომ ჯარიმები, რათა ჩვენ არ ვიყოთ პირდაპირ სანქციების გამომტანი უწყება, არამედ პირველ ეტაპზე გავაფრთხილოთ ადამიანები, აღმოიფხვრას ეს დარღვევა და თუ იგივე განმეორდა იგივე პირის მიერ, შემდეგ განხორციელდეს საჯარიმო სანქციები, რა თქმა უნდა, სასამართლოს მეშვეობით. ჯარიმებს ჩვენ არ ვადგენთ, ჯარიმებს ადგენს სასამართლო”, – აცხადებს თორდია.

აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოამზადა, კიდევ რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსების შესაძლებლობა უბრუნდებათ და იზრდება კვლიფიციური საარჩევნო სუბიექტების საბაზო საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შექმნილ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელსაც შექმნის დღიდან, ანუ 2012 წლის იანვრის შემდეგ 2013 წლის მაისამდე, ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა, ახალი უფროსი ამ დრომდე არ ჰყავს. ეს სამსახური  დღეისათვის პირდაპირ გენერალური აუდიტორს ექვემდებარება. ლაშა თორდია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური ახალ კანდიდატურას უკვე ეძებს. კითხვაზე, რა იგულისხმება ძებნაში, თორდია პასუხობს, რომ მოგელაძის შემცვლელი კონკურსის წესით დაინიშნება.


“ჩვენ ვეძებთ კანდიდატურას, ისეთს, რომელიც რაიმე ნიშნით პოლიტიკური არ იქნება… ალბათ, კონკურსის წესით დავნიშნავთ”.

თორდიას თქმით, ადამიანმა, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება, საზოგადოებაში კითხვის ნიშნები და აზრთა სხვადსხვაობა არ უნდა გამოიწვიოს, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

“მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პარტიებთან კომუნიკაცია, დეკლარაციების ფორმები იხვეწება, ონლაინ ურთიერთობებიც იხვეწება და მე იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს უფრო მომზადებულები შევხვდებით, ვინაიდან, გახსოვთ, როდესაც აუდიტის სამსახურს ეს ფუნქცია დაეკისრა, ქვეყანაში უკვე გაცხარებული წინასაარჩევნო კამპანია იყო და დროც არ იყო საკმარისი, რომ პარტიებიც გაცნობოდნენ რეგულაციებს, ამ ეტაპზე უკვე ეს ყველაფერი დალაგებულია და პრობლემები არ უნდა შეიქმნას”, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი