ახალი ამბები

EUMM-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას არ ადასტურებენ

18 ივნისი, 2013 • 1164
EUMM-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას არ ადასტურებენ
“უკვე ამოიწურა 2-წლიანი ვადა, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნას გულისხმობს. ზუსტად 2 წელი შეუსრულდა და ჩვეულებრივად, გეგმის მიხედვით ტოვებს მისიას ბატონი ტიშკევიჩი. ივნისის ბოლო დღეს, 30 ივნისს მას ბოლო სამუშაო დღე ექნება,” – განუცხადეს ნეტგაზეთს EUMM-ში. 
 
 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს, 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტიშკევიჩი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გამო ტოვებს.
 
 
“სამწუხაროა, რომ საქართველოს დღვენადელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო გვიწევს ამ  განცხადების გაკეთება:  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, გადამდგარი პოლონელი გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი ვადამდე ბევრად ადრე ასრულებს თავის მოღვაწეობას ამ პოსტზე! 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც იგი  სათავეში ჩაუდგა ამ მისიას საქართველოში, გენერალი ტიშკევიჩი გამოირჩეოდა ობიექტური და პრინციპული პოზიციით, რაც ძალიან მიუღებელი  იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის.   უნდა ითქვას, რომ  საკუთარი დემარშის დემონსტრირებისათვის აფხაზებმა იგი პერსონა ნონ-გრატადაც კი  გამოაცხადეს. მიუხედავად რუსული მხარის ულტიმატუმისა, წინა მთავრობა კატეგორიულად აცხადებდა უარს დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა ტიშკევიჩის გაწვევასთნ დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს  უცნაური, რომ გენერალი ტიშკევიჩი მისიის დასრულებამდე გაიწვიეს, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ მოხდებოდა, რომ  არა დღევანდელი  მთავრობის უპრინციპობა!”- განაცხადა მანჯგალაძემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით ხელისუფლებას მოუწოდა, პრინციპული პოზიცია იქონიოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ყველა დეტალთან დაკავშირებით, რაც “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისთვის”.


დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილისა და ანჯეი ტიშკევიჩის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
 
 
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ანდრჟეი ტიშკევიჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 
ანჯეი ტიშკევიჩმა თავისი მისიის ფარგლებში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის რიგით 34-ე შეხვედრა, 31 მაისს ერგნეთში გამართა. 


გასული წლის აპრილში ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ “არასასურველ პირად” გამოაცხადა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ანჟეი ტიშკევიჩი და პადრიგ მერფი
ანჟეი ტიშკევიჩი და პადრიგ მერფი

მასალების გადაბეჭდვის წესი