ახალი ამბები

გიორგი სიგუა: ტურიზმი ეკონომიკის წამყვან დარგად უნდა იქცეს

18 ივნისი, 2013 • 3990
გიორგი სიგუა: ტურიზმი ეკონომიკის წამყვან დარგად უნდა იქცეს

გიორგი სიგუას თქმით, სამოქმედო გეგმა კვლევებზეა დაფუძნებული და უახლოეს მომავალში მრავალი ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის, ტურიზმის მართვის რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, ტურიზმის ონლაინ მარკეტისა და ცხელი ხაზის შექმნას, თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო მონიტორების განთავსებას და ა.შ.

 

“პირველი პრობლემა, რასაც თანამდებობაზე დანიშვნისას წავაწყდი, იყო ის, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული და და ჭირს რეგიონებთან კომუნიკაცია. ამიტომ 2014 წლისთვის შეიქმნება რეგიონული მართვის ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებენ და ჩვენ ინფორმაციას მოგვაწვდიან”, – განაცხადა გიორგი სიგუამ. მისი თქმით, რეგიონული მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება და ტურისტული ცენტრების გახსნა პირველ ეტაპზე დაგეგმილია ყაზბეგში, წითელსოფელსა და ზუგდიდში.

 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თბილისსა და რეგიონებში 18 საინფორმაციო მონიტორი განთავსდება:

 

“სენსორულ მონიტორებზე ტურისტებს შეეძლებათ საქართველოს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ნახონ. მე შემხვედრია ტურისტები, რომლებსაც თბილისის დაარსებიბს ოთხი სხვადასხვა ისტორია აქვთ მოსმენილი, ეს პრობლემა აღარ იქნება. ასევე ამ ინფორმაციის ჩამოტვირთვა მათ შეეძლებათ საკუთარ მობილურებში, Android და IOS–თვის შექმნილი აპლიკაციებს საშუალებით”, – განაცხადა გიორგი სიგუამ.

რაც შეეხება ონლაინ მარკეტს, სიგუას განცხადებით, Georgia.travel–ს ინოვაციური ფუნქცია დაემატება და საიტის მეშვეობით ტურისტებს საქართველოს მასშტაბით სასტუმროების დაჯავშნა, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და ყიდვა ისევე შეეძლებათ, როგორც ნებისმიერ სხვა ინტერნეტ მაღაზიაში:

“თქვენ აირჩევთ და კალათში ჩააგდებთ იმას, რაც გაინტერესებთ, რა ტიპის მუზეუმის ნახვა გსურთ, რა ადგილის მონახულება, ამას ნახავენ ის კომპანიები, ვინც აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს და დაგიკავშირდებიან, ეს სერვისი იქნება ძალიან მარტივი და მოხერხებული”, – განაცხადა გიორგი სიგუამ. მისივე თქმით, დაგეგმილია სეზონური და ყოველთვიური ღონისძიებების ორგანიზება, მხარდამჭერებისთვის საპატიო ტურიზმის ელჩების წოდების მინიჭება და სხვა აქტივობები.

გიორგი სიგუამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით გაკეთებული საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის კვლევის შედეგებიც გააცნო. კვლევა 2013 წლის იანვარი–მარტის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის თანახმად საქართველოში ტურისტული მიზნებით ვიზიტორთა 57% პროცენტი ჩამოდის, დანარჩენი 43% კი ერთდღიან ვიზიტორებს მიეკუთვნებიან, რომლებიც საქართველოში ღამეს არ ათევენ.

ვიზიტორთა უმეტესობა, 38%- საქართველოში შვებულების გასატარებლად და დასვენება–რეკრეაციის მიზნით ჩამოდის, 20%-მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ხოლო 19% საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას სტუმრობს.

საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა უმეტესობა, 62% -ქართულ ბუნებასა და ლანდშაფტს ნახულობს, 59% აგემოვნებს ქართული კერძებს, 34% კი -ქართულ ღვინოს.

ყველაზე პოპულარული ადგილები ტურისტებისთვის თბილისი(44%) და ბათუმია(43%).

იმ კვლევის თანახმად, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა, მარნეული პოპულარობით უსწრებს მცხეთას, ქუთაისს, რუსთავს, ლაგოდეხსა და ქობულეთს.

შიდა ტურიზმის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს შიგნით რუტისტული მიზნებით მოსახლეობის 44% გადაადგილდება, 56% კი ერთდღიანი ვიზიტორია. კვლევის თანახმად, ადამიანები ერთი ქალაქიდან ან სოფლიდან მეორეში ძირითადად ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად (44%), საყიდლებისთვის (13%) და მკურნალობა/გაჯანსაღების (10%) მიზნით გადაადგილდებიან.

“მე ვაპირებ, რომ არა პიარზე დაფუძნებული კამპანიებით, არამედ ქმედითი ღონისძიებებით გავაძლიერო ტურიზმი და ტურიზმის როლი საქართველოში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ აქამდე სახელმწიფოს არ ჰქონდა არავითარი გეგმა და არავითარი სტრატეგია, თუ საითკენ უნდა წავიდეს ტურიზმის განვითარება, საერთოდ რა სურს სახელმწიფოს ტურიზმისგან, ეს იყო დაფუძნებული პიარზე და ერთი ადამიანის ნება–სურვილზე. ასე აღარ იქნება, იქნება საქმის კეთება, თანამშრომლობა ეკრძო სექტორთან და ყველა იმ სუბიექტთან თუ კერძო პირთან, ვისაც შეუძლია შეიტანოს წვლილი იმ დარგის განვითარებაში, რომელსაც საქართველოში აქვს ძალიან დიდი მომავალი და რომელსაც შეუძლია საქართველოს მოუტანოს ძალიან დიდი შემოსავალი”, – განაცხადა გიორგი სიგუამ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შეკითხვების დასმის საშუალებაც მიეცა, მათი შენიშვნები ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი გეგმა ძალიან ზოგადია, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ადმინისტრაცია ქმედით ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი