ახალი ამბები

ეკა ბესელია: ჩვენი დასკვნა ვერ იქნება პატრიარქის განცხადების იდენტური

18 ივნისი, 2013 •
ეკა ბესელია: ჩვენი დასკვნა ვერ იქნება პატრიარქის განცხადების იდენტური

რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნა 17 მაისის მოვლენებზე არ გასცდება პატრიარქის შეფასებას?

 

კომიტეტის მიერ დასკვნა  საბოლოდ დამტკიცებული არ არის. ეს დასკვნა ჯერ კენჭისყრაზე არ დამდგარა, შესაბამისად,
 ის მოსაზრებები, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე განხილვის პროცესში წარმოიშვა, იქნება ტექსტში ასახული და საბოლოოდ, კომიტეტის კიდევ ერთ სხდომას ამ დღეებში მოვიწვევთ. სწორედ ამ სხდომაზე დადასტურდება საბოლოო ტექსტი. ვიდრე საბოლოო სახე არ ექნება ამ დასკვნას, მანამდე საჯაროდ ვერ გავავრცელებთ, მიუხედავად დიდი ინტერესისა. არ იქნება კორექტული, მუშა დოკუმენტი გახდეს საჯარო.

 

რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, როცა დასკვნის პროექტი გამოვაქვეყნე სხდომაზე, დაისვა კითხვა, რატომ არ არის ასახული საპატრიარქოს პოზიცია. როგორც ჩანს, კითხვის ავტორს გამორჩა, რის გამოც მე გავაკეთე განმარტება, რომ დასკვნაში ასევე არის საპატრიარქოს პოზიცია, დასკვნაში არის წარმოდგენილი როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის შეფასებები და ბოლოს ჩვენი, კომიტეტის შეფასებაა გაკეთებული. როცა ვამბობ, რომ შეფასება არ სცდება პატრიარქის განცხადებას, იგულისხმება დასკვნის პროექტის ის ნაწილი, სადაც ასახულია საქართველოს

ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე
ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, აი, ეს ნაწილი იგულისხმება და არა მთლიანად დასკვნის ტექსტი. ბუნებრივია, მთლიანი ტექსტი ვერ იქნება ასეთი, რადგან ჩვენ იქ ვსაუბრობთ კონვენციაზე, საერთაშორისო აქტებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება იყოს შემზღუდავი ფაქტორი და ა.შ.  ჩვენი დასკვნა ვერ იქნება პატრიარქის განცხადების იდენტური. დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საპატრიარქოს პოზიციაა ასახული, მხოლოდ ამაზე ვთქვი, რომ არ გასცდება პატრიარქის შეფასებას, რათა არ დამახინჯდეს ეკლესიის პოზიცია და ის სწორად იყოს წარმოდგენილი.

 

დასკვნასთან დაკავშირებით შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ, რომ მთლიანობაში, ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის და ასევე კომიტეტის პოზიციაა, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.  17 მაისს შეკრების დროს უმცირესობების მიმართ ცალცკეული პირები ავლენდნენ ძალადობას და ისინი უნდა იყვნენ დასჯილი. გამოძიება მიმდინარეობს და ის ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება კონტრაქციას, ასევე გვიწერია დასკვნაში, რომ საერთაშორისო აქტებით არსებობდა კონტრშეკრების უფლება. დასკვნაში მითითებულია, რომ იმ დღეს მოხდა ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ეს უნდა იყოს რეაგირებული. დასკვნა საკმაოდ ვრცელია და როცა მას კომიტეტი დაამტკიცებს, გახდება საჯარო. კომიტეტი მას კენჭს ორშაბათს ან სამშაბათს(24 ან 25 ივნისი) უყრის.

 

როცა კომიტეტი 17 ივნისს იხილავდა 17 მაისის მოვლენებს, იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ ძალადობრივი აქციის მონაწილეები. რატომ არ იყვნენ მიწვეული კომიტეტის სხდომაზე ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ძალადობა იყო მიმართული, ან პარლამენტისთვის გაგზავნილი განცხადების ავტორები?

 

გუშინ მოხდა დამთხვევა და ვიცოდი, რომ მსგავსი განცდა დარჩებოდა. ის ადამიანები იყვნენ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულები, არამედ იხილებოდა სპორტის სასახლეში ჩატარებული ყრილობის შემდეგ მიღებული რეზოლუცია, რომელიც იყო  დღის წესრიგის მესამე საკითხი. უბრალოდ, დაემთხვა, რომ დასკვნა გამოვიტანეთ კომიტეტზე განსახილველად. დასკვნის მიღება არ ითვალისწინებს განხილვისას მხარეების მოწვევას, ეს პროცედურა არ არის გაწერილი რეგლამენტში. ეს არის კომიტეტში შემოსული წერილი, რომელზეც კომიტეტის დასკვნა იწერება. დასკვნას როცა წერს კომიტეტი, არცერთ მხარეს არ იწვევს კომიტეტი. ის პირები, ვინც ესწრებოდნენ, მოსულები იყვნენ სხვა რეზოლუციასთან დაკავშირებით. ისინი ჩვენი მოწვეულები არ იყვნენ, მათ თავად გამოთქვეს კომიტეტზე დასწრების სურვილი. ამიტომ დაემთხვა მათი ყოფნა 17 მაისთან დაკავშირებული დასკვნის კომიტეტისთვის წარდგენას.

 

პარლამენტისთვის გაგზავნილი განცხადების ავტორები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას და 17 მაისთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობას. აპირებთ თუ არა მათთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების მოსმენას?

 

სიამოვნებით შევხვდები მათ. ორშაბათს ან სამშაბათს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება, სადაც უნდა მივიღოთ საბოლოო დასკვნა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომა ღიაა და ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას მას დაესწროს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს სურვილი გამოეთქვას და ჩვენ ამაზე უარი გვეთქვას. გარდა ამისა, ჩვენ კომიტეტის სხდომაზე ყველას ვაძლევთ აზრის გამოთქმის საშუალებას, რა თქმა უნდა, პროცედურების დაცვით.  მე შემდეგ კვირას სტრასბურგში მივდივარ ვიზიტით და ამ სხდომას ჩემი პირველი მოადგილე ჩაატარებს. მე მას აუცილებლად ვეტყვი, რომ თუ დასწრების მსურველები იქნებიან, მათთვის კომიტეტის სხდომა იქნება ღია და მათ ექნებათ შესაძლებლობა, თუნდაც ამ დასკვნის კენჭისყრამდე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან.

 

რატომ დადგა თქვენი კომიტეტისთვის 12 ათასი ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობა ეჭვქვეშ და რა მექანიზმით უნდა შეამოწმოს მათი ნამდვილობა კომიტეტის აპარატმა?


რადგან ელექტრონული ხელმოწერები იყო, მათი ნამდვილობის იდენტიფიცირება შეუძლებელია. სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ სხდომაზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის გიორგი გაბედავამ და რატი მაისურაძემ, თქვეს, რომ მათი სახელები წერია სიაში მათივე პროფესიების მითითებით.  მათ თქვეს, რომ ისინი არ არიან ამ განცხადების ხელმომწერები.

 

თუმცა, ეს სია ხელმისაწვდომია ინტერნეტში და მათ შორის არ არიან გიორგი გაბედავა და რატი მაისურაძე.

 

მე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატს ვთხოვე შეემოწმებინა, ნამდვილად არიან თუ არა ისინი სიაში. აპარატის თანამშრომლები პირადად დაუკავშირდებიან ტელეფონით იმ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ პირადად არ ვაწერთ ამ განცხადებას ხელს. შეუძლებელია 12 ათასი ხელმოწერის მთლიანად გადამოწმება. 200 ადამიანიც რომ ყოფილიყო ხელმომწერი, ან 20 ადამიანი, ჩვენ მაინც განვიხილავდით ამ განცხადებას, ხელმომწერთა რაოდენობა ვალდებულებას არც გვიმატებს და არც გვიმცირებს. მე ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ რადგან ეს საკითხი კომიტეტზე დაისვა, მე ვალდებულად ჩავთვალე მისი გადამოწმება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი