ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე დატოვა

25 ოქტომბერი, 2017 • 1571
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7% დატოვა. ეს გადაწყვეტილება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

„მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იყო, თუმცა მე-3 კვარტალში ის მიზნობრივ მაჩვენებელზე მცირედით დაბალი იყო,“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება, თუმცა მას შემცირების დინამიკა ექნება. სებმა 2017 წლის გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის გამო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 %-მდე გაზარდა.

სების ინფორმაციით, ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ. გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმიდან შემოსავალი და ფულადი გზავნილების მოცულობა.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა ბოლოს იანვარში 0.25%-ით გაზარდა.   მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი