ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური: კონკრეტული პირების იდენტიფიცირება რთული არ იქნება

17 ივნისი, 2013 •
ზვიად ძიძიგური: კონკრეტული პირების იდენტიფიცირება რთული არ იქნება

“ყველაფერი ის, რაც შსს-ს მიერ იქნა აღმოჩენილი, ადასტურებს იმას, თუ რა რეპრესიები ელოდებოდა საქართველოს მოსახლეობას იმ შემთხვევაში, თუკი 1 ოქტომბრის არჩვენები იმ შედეგებით არ დამთავრდებოდა, რა შედეგებითაც დამთავრდა” – ეს კომენტარი ძვიად ძიძუგურმა “რედისონში” “საქართველოს რკინიგზის” სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

 

ძიძიგურის განცხადებით, მთელ საქართველოში ამზადებდნენ სიებს და ბრალდებებს. ყველა ოპოზიციურად განწყობილი, მეტნაკლედ გავლენის მქონე ადამიანის მიმართ იგეგმებოდა ასეთი რეპრესიები: “ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. ჩვენ ძალიან მწარე და ცუდი გაკვეთლები გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, როგორ მივაღწიოთ კარგი ქვეყნის მშენებლობას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოგვადგება, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები ხელისუფლებამ არასდროს გადადგას. ეს კარგი ჭკუის სასწავლებელია ყოფილი ხელისუფლების პირებისთვის, რომლებიც ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ და ძალიან კარგია ახალი ხელისუფლებისთვის, რათა იცოდეს, რომ გადამწყვეტი ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრონციპებია”.

 

ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ აღმოჩენილი მასალების მიხედვით, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და გამოვლენა რთული არ იქნება:

 
“აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი, ხოლო როცა კანონი და თანამდებობის პირის საქმიანობა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, ასეთ შემთხვევაში, კანონი განსაზღვრავს, თუ როგორ მოექცეს ასეთ ადამიანებს. არ ვიც,ი უნდა დაუმძიმდეს თუ არა ბრალი შს ყოფილ მინისტრს, ეს კანონის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, გამოძიება რთული არ იქნება. ვინაიდან მე გავიგე და მაქვს ინფორმაცია, რომ ხელნაწერი მტკიცებულებებიც არის და ფაქტობრივი ინფორმაციები. აქედან გამომდინარე, დადგენა და პერსონიფიცირება  ადამინებისა  რთული არ იქნება, დანარჩენი კანონის გადასაწყვეტია. მე არ ვიცი, პროკურატურა რა მუხლით სჯის ასეთ ადამიანებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.” 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში სპეციალური სამალავებია აღმოჩენილი, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა 17 ივნისს ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელზეც, მათივე მტკიცებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალებია აღბეჭდილი, ჩანს საქაღალდე, რომელსაც აწერია “დასაჭერები”, რომლის გვერდით გადაღებულია ხელნაწერი ფურცელი წარწერით “მოსწავლე მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი”.

 

სამართალდამცავი უწყების ცნობით, სამალავში აღმოჩენილია ხელნაწერი მასალებიც, რომელიც, მათივე მტკიცებით, შესაძლებელს გახდის დამნაშავე პირთა სწრაფ იდენტიფიცირებას.

“ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის”, –აცხადებს შსს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მასალების სამალავი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უშუალო ზედამხედველობითაა შექმნილი და ის გათავლისწინებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიურ ოპონენტებზე შურის საძიებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი