ახალი ამბები

სააკაშვილი: კონგრესის განცხადება ვნახე და გული მომიკვდა

15 ივნისი, 2013 • • 1203
სააკაშვილი: კონგრესის განცხადება ვნახე და გული მომიკვდა

“მე ვნახე ეს განცხადება და გული მომიკვდა იმიტომ,  რომ ამერიკის კონგრესი წინა წლებში იღებდა და უნდა მიეღო განცხადება, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ საქართველოს იარაღი უნდა მისცენ, ქართული არმია აღჭურვონ, ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ და ამის მაგივრად, პირველად ისტორიაში, მსგავსი არასდროს არაფერი არ მომხდარა მიახლოებითაც კი და ეს უკვე აღარ არის საგაზეთო სტატია ან ვიღაცის განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტმა და პრაქტიკულად ავტომატურად, ეს ყველაფერი დამტკიცდება გაფართოებულ ერთიან სხდომაზე, მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვის და საქართველოს უკუსვლის შესახებ, ეს წლები, რასაც ვაკეთებდით ყველაფერი წყალში გვეყრება.

 

თქვენ აქ გამოიარეთ აეროპორტის გზაზე, ეს არის ბუშის ქუჩა. 2008 წელს ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, აწია ჰაერში ავიაცია და ამან გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვისაც აინტერესებს, ამერიკა რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საქართველო დღეს არსებობს იმიტომ, რომ ამერიკა დაგვიდგა გვერდზე. თუ ამერიკა აღარ დაგვიდგება გვერდზე, ჩვენ ვრჩებით ონიშენკოს პატრონი ქვეყნის ამარა, რომლის ერთადერთი ფუნქციაა დამოკიდებული და დაქუცმაცებული, გაუბედურებუილი ქართული ერი, ამერიკის ფუნქცია კი  ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოა.  ამიტომ არჩევანიც არ არის აქ, თუ იმაზე უარს ამბობ, მეორეს ხელში ჩავარდები ავტომატურად. მე იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვინც იძახის, რომ კონგრესმენები დაალობირეს, მოისყიდეს, ბოლო დელეგაცია რომ იყო, ჩვენი ვენახის ღვინოს თითო ბოთლის შეთავაზება გვინდოდა. ამერიკის კონგრესმენებმა ამაზეც კი უარი თქვეს. ისეთი მკაცრი წესები აქვთ იქ ლობირების კორუფციასთან ბრძოლის, მაგათი ყიდვა ვინმეს რომ შეეძლოს, მსოფლიოს მილიარდერები და მდიდარი ქვეყნები დიდი ხნის წინ იყიდიდნენ ყველას. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მოსყიდვა შეუძლებელია, ყველაზე ძლიერი სახელწიფოს კოგრესია მთავარი ორგანო, ის მართავს ამერიკას, რომელიც უყურებს იმას, რაც ხდება და თავის დასკვნებს გამოთქვამს. დასკვნები ამ შემთხვევაში არის ძალიან მძიმე”– განაცხადა სააკაშვილმა 

 

შეგახსენებთთ, რომ აშშ-ის კონგრესის თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ შესაძლოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთბებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

კონგრესის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ღონისძიებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სურვილს გააგრძელოს დემოკრატიისკენ სწრაფვა:

 

“ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დემოკრატიისკენ სწრაფვა  გულისხმობს ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება და მზადაა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, რათა დაამყარონ თავისუფლება და დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში.

 

“საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით საიმედო ურთიერთობების  დამყარებაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებშ საქართველოს ინტეგრაციის კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი