ახალი ამბები

დავრჩით ენთუზიაზმის და ენთუზიაზისტების ამარა – ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან

23 ოქტომბერი, 2017 • 2422
დავრჩით ენთუზიაზმის და ენთუზიაზისტების ამარა – ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან

რა გეგმები აქვს “ნაციონალური მოძრაობას” თვითმმართველობის არჩევნებში 17,05%-ის მიღების შემდეგ, რატომ აღარ აგრძელებენ ბრძოლას მეორე ტურში და როგორ აფასებენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს – ნეტგაზეთი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

რა არის ის ყველაზე მთავარი სიმპტომი, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ამ არჩევნებმა აჩვენა?

არაერთი ფაქტი წარმოვადგინეთ არჩევნების დღეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის, რაც ქმნიდა იმ ვითარებას, რომ ეს არჩევნები არათანაბარ, არასამართლიან, ძალადობრივ გარემოში ჩატარდა. 21 ოქტომბრამდე ხელისუფლებამ უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 21 ოქტომბერს მას გაადვილებოდა იმ რეზულტატის ქაღალდზე დაწერა, რომელიც გვაქვს.

ეს იყო ადამიანების აღრიცხვა იმ  მეთოდით, რომ იქნებოდა ეს საბავშვი ბაღი, სკოლა, სატრანსპორტო ორგანიზაცია, გამგეობა თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, სადაც აღრიცხავდნენ ადამიანებს, სადაც აძალებდნენ, მოეტანათ თავიანთი ახლობლების, ნათესავების სიები, ვისზეც ვალდებულებებს იღებდნენ, რომ ხმას მიცემდნენ ქართულ ოცნებას. ცალკე იყო სოციალურად დაუცველებთან მუშაობა, ან დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებთან, რომლებსაც ჰპირდებოდნენ ამ  ადამიანების გამოშვებას ან არგამოშვებას იმის მიხედვით, რას მოიმოქმდებდნენ მათი ახლობლები არჩევნების დღეს. ეს კოორდინირებული იყო სუს-ის, გამგეობების და ცალკეული სტრუქტურების მიერ.

წინასწარ შეადგინეს ასეთი ადამიანების სიები, ასევე სიები, ვინც საქართელოში არ იმყოფებოდა, და მოამზადეს იმ ადამიანების პარალელური ყალბი დოკუმენტები, რათა სხვას შეძლებოდა მათ მაგივრად ხმის მიცემა. ეს ყველაფერი მომზადდა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, და შედარებით წყნარად ჩატარდა ეს არჩევნები იმიტომ, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ სიების მიხედვით. ერთადერთი, რაც უნდა გაეკეთებინათ, ასევე კანონდარღვევით, რომ ეკონტროლებინათ ამომრჩევლის სიები ნომრებით, რაც არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ არჩევნებში ჩართული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით, არის კანონმდებლობის დარღვევა, ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევა. ეს ელემენტი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, არჩევნების დღეს დარჩენილი. ამას რომ მიაღწიეს, გააკონტროლეს, ვინ როგორ და რანაირად აძლევს ხმას, ნომრების მიხედვით და არა უბრალოდ გვარების მიხედვით და სახეზე ამოცნობით. შემდეგ ისინი, ვინც არ იყო მოსული, ფაქტობრივად, ძალით მოიყვანეს და შეიკრა ეს სურათი.

დაჰყვეს ცალკეული უბნები 5-5 ოჯახად, მიუჩინეს ადამიანები, როგორც წესი, ვისაც რაღაც საჭიროება აქვს ხელისუფლებასთან, და უთხრეს, რომ თქვენ იქნებით პასუხისმგებლები ამ ხუთი ოჯახის მოყვანაზე, რომ მათ ხმა მოგვცენ, შემდეგ თითოეულ ხმაზე 50-დან 100 ლარამდე მიიღებთ.

ამ საქმეში ჩართული იყო ადმინისტრაციული რესურსი, სუსი და ის შავი ფული, რომელიც იმის ზემოთ მოქმედებდა, რაც დაფიქსირებული აქვს ქართულ ოცნებას. მგონი, არავინ დაიჯერებს, რომ ქართულმა ოცნებამ ისე ჩაატარა არჩევნები, რომ ივანიშვილმა ფული არ მისცა მათ.

აღარ ვლაპარაკობ, მანამდე რაც უძღოდა ამ ყველაფერს დაშინებასთან დაკავშირებით, წინა წელს ყველამ ვნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის აფეთქება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ღია ეთერში ყველამ ვნახეთ კუნთმაგარი ადამიანების მიერ დეპუტატების და ჩვენი მხარდამჭერების ცემა. ყველაფერი ეს არის ის ატმოსფრო და გარემოებები, რომელმაც განაპირობა ამ არჩევნებზე გაყალბება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაც ქაღალდზე დაიწერა, “ქართულ ოცნებას” ის მხარდაჭერა საზოგადოებაში არ აქვს.

როგორ იმსჯელა და მივიდა პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებამდე, რომ არ მიგეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში? რა არის მეორე ტურზე უარის თქმის მიზეზები?

4 საათი და მეტი იმსჯელა პოლიტსაბჭომ. ყველა ასპექტი განვიხილეთ – განვიხილეთ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, განვიხილეთ გაყალბებები, რაც ხდებოდა. ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა ახალი ინფორმაციებიც მოგვაწოდეს, გაყალბების მეთოდების და მასშტაბების შესახებ. ბევრი ახალი მეთოდი გამოიყენა ხელისუფლებამ, რაც არ იყო აქამდე ცნობილი საქართველოში. როგორ მოქმედებდნენ, პირველ ყოვლისა, ფულის გამოყენებით, იმიტომ, რომ საქართველოში ამდენი ფული არჩევნებში არასდროს არ ყოფილა, არავის ჰქონია და იმიტომ. ფულის ელემენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. არა მარტო თავისი მომხრეების მოყვანაზე მუშაობდნენ, არამედ ჩვენი მომხრეების არმოყვანაშიც კი ფულს იხდიდნენ.
ყველანი განწყობილი ვიყავით ბრძოლის და არჩევნებში მონაწილეობის გასაგრძელებლად, მაგრამ, ისეთი მასშტაბები დაიხატა და ისეთი ფაქტები გამომჟღავნდა, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ ვითარებაში მონაწილეობის მიღება არამიზანშეწონილია იმიტომ, რომ მაშინ რაღაცნაირად პირი უნდა მოწმინდო და მოხოცო ივანიშვილის ხელისუფლებას ამ ნაბიჯით. ამიტომ ასეთი პოლიტიკური პროტესტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გაიზარდა ქართული ოცნების მხარდამჭერების რაოდენობა – 2014 წელს მიიღო ხმების 50,82 პროცენტი, 2017 წელს – 55.69%. ასევე გაიზარდა პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა რაოდენობაც –  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 4.72% მიიღო (66 805 ხმა), ხოლო 2017 წელს – 6.53% (87 133 ხმა). რისი მანიშნებელია თქვენთვის ეს ტენდენცია?

ეს არანაირი ტენდენცია არ არის, ეს არის ქაღალდზე დაწერილი ციფრები. როგორ დაიწერა ეს ციფრები, ზემოთ უკვე გითხარით და რომ აღარ გავიმეოროთ, შეგიძლიათ ზემოთ ნათქვამი იხილოთ.

ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა 45%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პარტიები მხარდამჭრების მობილიზებას ვერ ახერხებენ, როდესაც აქტივობა რეგისტრირებული ამომრჩევლის ნახევარიც არ არის?

თქვენ სტანდარტულად მესაუბრებით, არჩევნები ნორმალურად რომ ჩატარებულიყო, მაგრამ რაც დასაწყისში გითხარით, ამ იდილიურ სურათს არღვევს. ეს არ არის არც აქტივობა, არც პარტიების რეიტინგის ზრდა და ამ პროცესთან საქმე არ გვაქვს, სულ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე. ის, რაც ციფრებით გამოიხატა, ეს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა არ არის. რასთან გვაქვს საქმე, უკვე გითხარით.

გიორგი ვაშაძის მხრიდან იყო ასეთი შემოთავაზება, რომ თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიცია გაერთიანებულიყო და საერთო კანდიდატი დაეყენებინა. რას ფიქრობთ, ასე რომ მომხდარიყო, შეიცვლებოდა არსებული სურათი?

სურათი ნაკლებად შეიცვლებოდა… ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის იდეა ასე სათქმელად არის კარგად მოსასმენი, მაგრამ, რეალისტურად, ეს შეუძლებელი იყო. ერთადერთი წინადადება მოვისმინეთ ერთ-ერთი პარტიის მხრიდან, რომ ჩატარდეს პრაიმერისი, ესეც მოსასმენად კარგია, მაგრამ ვის უნდა ჩაეტარებინა ეს პრაიმერისი? ვის უნდა მიეღო ამ პრაიმერისში მონაწილეობა? მერე ვის უნდა დაეთვალა ამ ე.წ. პრაიმერისში მონაწილეთა ხმები? სამივე კომპონენტი იქნებოდა პრობლემური, უთანხმოებისა და კონფლიქტის საფუძველი. მით უმეტეს, თუ თბილისზე ვისაუბრებთ, ერთ-ერთი კანდიდატი არცერთ პარტიას არ წარმოადგენდა.

ეს წინადადება მოდიოდა იმ პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ნახეთ, ორი პროცენტიც ვერ აიღო. ამ ვითარებაში ვინ რა პროცენტი აიღო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, ამ ვითარებაშიც ორი პროცენტიც ვერ აიღო. ის ადამიანი ამბობდა, რომ მე რეალურ კონკურენციას გავუწევ, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს.

ჩვენ არავითარი დაფინანასების საშუალება არ გვეძლეოდა, “ქართულ ოცნებას” 200-ჯერ ჩვენზე მეტი დაფინანსება ჰქონდა, ურცხვად გამოდიოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ამბობდნენ, რომ ამდენი ადამიანი გვიჭერს მხარსო. გამოდიან და ადამიანის რიცხოვნობაზე აპელირებენ და კი ბატონო, თუ ადამაინის რიცხოვნობაზე აპელირებენ, ვნახოთ, აბა, ვინ რამდენი ხმა მიიღო. ხომ შეიძლება, 200-ჯერ ნაკლები ხმა მივიღოთ ჩვენ. ვერც ერთმა ორგანიზაციამ ვერ გაბედა ნაციონალური მოძრაობისთვის ფულის მიცემა და ისეთ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, რომ ნაციონალურ მოძრაობას ბანერიც კი არ გვქონია. უფულობის გამო, ჩვენი აქტივისტებისთვის ბენზინი რომ ჩაგვესხა, რამდენიმე ოფისი გავყიდეთ. ბევრს არ სჯეროდა ეს, ისევ ივანიშვილის ბინძური პროპაგანდის გამო, რომ აი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს მოიპარა და ის  გააკეთა. სად არის ეს ფული მაშინ? თუ პარტიას ფული აქვს, მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება, არჩევნების დროს. ვითომ ეს “მოპარული ფული” სადღაც დევს და არ ვიყენებთ არჩევნებისთვის? და სიმწრით ნაქონ ოფისებს ბათუმსა და სხვაგან ვყიდით?

ეს ვითარება იყო და ამ ვითარებაშიც კი ყველა დანარჩენს შორის ძალიან დიდი მოწყვეტით პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ, იყვნენ ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ თანაბარ კონკურენციას გავწევთ და მოდით, ეს ჩავატაროთ და არჩევნების ნაცვლად ამ პროცესით უნდა დავკავებულიყავით. თბილისში ამას ფიზიკურად აზრი არ ჰქონდა, თუ ელისაშვილი ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა და გამოხატა მან, რომ არ იღებდა მონაწილეობას.

“ნაციონალურ მოძრაობას” თუ ჰყავდა კოორდინატორები და რამდენი იყვნენ ისინი?

ენთუზიაზმით ვინც მუშაობდა, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გვყოლოდა ყველა უბანზე კოორდინატორიც და აქტიური ადამიანებიც, ვინც უბანს იცნობენ და ამომრჩეველთან ურთიერთობენ. შეძლებისდაგვარად, ყველა პარტია ცდილობს, რომ ჰყავდეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის ფართო ქსელი ჰქონდა და აქვს ადამიანებისა, ვინც ადგილზე ამომრჩეველთან მუშაობენ, პრაქტიკულად, ყველა უბანზე.

ჩვენ ვერ ვაფინანსებდით ამ ადამიანებს, ფაქტობრივად, ენთუზიაზმით მუშაობენ, არადა, ელემენტარული რაღაც მაინც უნდა გაუკეთო ამ ადამიანებს, ბენზინი მაინც უნდა ჩაუსხა, საჭმელი მაინც რომ შეჭამოს, იმის საშუალება მიანც ხომ უნდა მისცე, მაგრამ, დავრჩით ენთუზიაზმის და ეთუზიაზისტების ამარა.

პრეს მედიასთან” დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ცესკომ ამასთან დაკავშირებითაც გაავრცელა განცხადება…

მე რატომ მეკითხებით “პრეს მედიაზე?

იმიტომ, რომ ეს “თავისუფალ ზონასთან” დაკავშირებული ადამიანების შექმნილი ორგანზიაციაა.

ვერ გიპასუხებთ ამაზე, “თავისუფალ ზონასთან” ვინ არის დაკავშირებული და რაღაც ორგანიზაციაა, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ, მე რატომ უნდა გესაუბროთ ამაზე.

ამის შესახებ არ ფლობდით ინფორმაციას?

მე ძალიან ბევრი რამის შესახებ შეიძლება ვფლობდე ინფორმაციას, მაგრამ ჟურნალისტთან იმ თემაზე არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის და სხვა ორგანიზაციის საქმიანობაზე კორექტული იქნება ჰკითხოთ იმ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და არა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს.

თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არ გეხებათ?

მივიჩნევ რას ნიშნავს, თქვენ არ მიიჩნევთ? “თავისუფალი ზონა” სხვა ორგანიზაციაა. “თავისუფალ ზონას” ორგანიზაციულადაც არ ეხება ეს სხვა ორგანიზაცია, რაც თქვენ დაასახელეთ. “თავისუფალ ზონაში” ვინც წევრები არიან, იმათთან რაღაცნაირად დაკავშირებულ ორგანიზაციაზე მესაუბრებით, ასე შეიძლება კიდევ მილიონი სხვა ორგანიზაციაც იყო. ახლა დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელთანაც შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდეს თავისუფალი ზონის ვიღაც წევრებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი