ახალი ამბები

საარჩევნოდ შექმნილი 2 მედიასაშუალება – 3000-ზე მეტი დამკვირვებლით და პარტიებთან კავშირებით

20 ოქტომბერი, 2017 • 8302
საარჩევნოდ შექმნილი 2 მედიასაშუალება – 3000-ზე მეტი დამკვირვებლით და პარტიებთან კავშირებით

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაშუქებლად, ჯამში, 82 მედიაორგანიზაციას აქვს მიღებული შესაბამისი აკრედიტაცია.  თუმცა ნეტგაზეთმა მათ შორის აღმოაჩინა ორი ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდნენ და, ჯამში, 3183 წარმომადგენელზე მოითხოვეს ჟურნალისტის აკრედიტაცია. ეს მაშინ, როცა საქართველოში მოქმედ სამ უმსხვილეს ტელეკომპანიას (საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს), ჯამში, 536 ჟურნალისტი ჰყავთ აკრედიტებული.

ნეტგაზეთმა ასევე გაარკვია, რომ ამ ორი ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება კავშირში იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან.

ს/ს “ნიუს სფეისი”, საჯარო რეესტრის მიხედვით, 2017 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე დიასამიძეა. თორნიკე დიასამიძე პარტია  “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.

“ნიუს სფეისმა” არჩევნებზე ცესკოსგან 1724 წარმომადგენელზე მიიღო პრესაკრედიტაცია. ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას მინიმუმ ამ რაოდენობის ჟურნალისტი უნდა ჰყავდეს. 

თორნიკე დიასამიძემ ფეისბუკში შექმნილ პეიჯზე მიგვითითა, სახელწოდებით newsspace.ge, რომელიც 22 აგვისტოსაა შექმნილი და დღემდე მხოლოდ 1 პოსტი აქვს გამოქვეყნებული, 10 ოქტომბერს, რომლითაც დაინტერესებულ ჟურნალისტებს იწვევს არჩევნების გასაშუქებლად:

Screen Shot 2017-10-20 at 3.33.55 PM

“პრეს მედია” 2017 წლის 1 სექტემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამ კომპანიამ ცესკოში 1459 წარმომადგენელზე მიიღო ჟურნალისტებისთვის კუთვნილი აკრედიტაცია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გვანცა ბერიაშვილია. ბერიაშვილის დედა ზიზი სესიტაშვილი წინა, 2016 წლის არჩევნებზე ცესკოში “თავისუფალი ზონის” დამკვირვებლად იყო რეგისტრირებული, რომლის ხელმძღვანელი თავის მხრივ ენმ-ის წარმომადგენელი კობა ხაბაზია.

გვანცა ბერიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყო რაიმე ტიპის კავშირი ოპოზიციურ პარტიებთან.

“მე თვითონ ჟურნალისტიკის სტუდენტი და მომავალი ჟურნალისტი ვარ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება არჩევნებით და ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით ვარ დაინტერესებული. დიდი სურვილი მქონდა, მაქსიმალურად ჩართული ვყოფილიყავი, დავკირვებოდი და გამეშუქებინა საარჩევნო პროცესის თუნდაც მცირედი დეტალები. მიკერძოებული არ ვარ და არც ვიქნები არასდროს. დედას რაც შეეხება, ახლა ვიგებ თქვენგან ამ ინფორმაციას. ნამდვილად არ ვიცი, რა აქტივობები ჰქონდა, მაგრამ თავისუფალი ზონასთან, ეჭვი მეპარება, საერთოდ რაიმე შეხება ჰქონოდა”, – უთხრა ნეტგაზეთს ბერიაშვილმა.

მანვე დაგვიდასტურა, რომ მედიასაშაულება – ვებ-ვერდი, გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია, რადიო ან ფეისბუკ-გვერდი არ გააჩნია.

როგორ შეარჩია 1459 წარმომადგენელი 1.5 თვის წინ შექმნილმა ორგანიზაციამ? – ამ კითხვაზე გვანცა ბერიაშვილმა ასე გვიპასუხა:

“შერჩევას რაც შეეხება, საქართველოში, მოგეხსენებათ, ძალიან მალე ვრცელდება ყველაფერი- ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, მათი ნაცნობები და ასე შემდეგ”.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლი ეხება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ცესკოში. მისივე განმარტებით, როდესაც ცესკოში შედის მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის განაცხადი, მას თან უნდა ახლდეს იმ პირთა პირადობის მოწმობის ასლები, ვისზეც არის აკრედიტაცია მოთხოვნილი. რეგისტრაციას კი ახორციელებს კომისიის მდივანი.

როგორ ხდება იმის შემოწმება, არსებობს თუ არა რეალურად მედიასაშუალება, რომელიც ითხოვს აკრედიტაციას? – “კანონმდებლობაში კონკრეტული ვალდებულებები არ არის,” – განმარტავს მიქელაძე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკო არ ახდენს შემოწმებას, რეალურად არსებობს თუ არა მედიაორგანიზაცია. აკრედიტაციისთვის საკმარისია, ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში, ორგანიზაციამ წარადგინოს განცხადება და იმ პირთა პირადობის მოწმობის ასლები, ვისზეც არის აკრედიტაცია მოთხოვნილი.

აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არჩევნების დღეს უფლება აქვთ: 

  • თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.
  • შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;
  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;
  • შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.
  • აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი