ახალი ამბები

“პატრიოტები” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისევ აანონსებენ აქციას

22 ოქტომბერი, 2017 • 2295
“პატრიოტები” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისევ აანონსებენ აქციას

“პატრიოტთა ალიანსი” 29 ოქტომბერს ისევ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნა კვლავაც მთავრობის გადადგომა იქნება. ამის შესახებს “ნეტგაზეთს” პარტიის წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქციასთან ერთად “პატრიოტთა ალიანსი” შიმშილობის გაგრძელებასაც აპირებს, თუმცა კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას და არ გადადგება, პარტიას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

“29 ოქტომბერს ჩვენ ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების, რომელიც ბოკერიასთან თანამშრომლობს, და კვირიკაშვილის გადადგომა იქნება, სხვა გზა უკვე აღარ არის. ჩვენ ვაპროტესტებთ არამოხლოდ ქვეყნის კონსტიტუციას და იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც დღეს გვაქვს, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ ფონსაც. ქვეყანაში დღეს ხალხს შია,“ – აღნიშნავს გოჩა თევდორაძე.

თევდორაძის თქმით, დღესდღეობით მმართველ პარტიას აწყობს იმ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, რომელთანაც ოპონირება მარტივია.

“ხელისუფლებას აწყობს ისეთი ოპოზიცია, რომელთანაც მარტივია ოპონირება. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობა სულ იმ 9 სისხლიან წელზე აპელირებს, ხოლო ხელისუფლება ეუბნება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 5 წელია, რაც ვართო და ამით მთავრდება. ასეთ პირობებში ძალიან მარტივია ოპონირება.”

გოჩა თევდორაძე ასევე აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში “ევროპულ საქართველოს” იმ ოდენობის ხმა მიეღო, რაც ოფიციალურადაა გაცხადებული.

“ქვეყნის მასშტაბით რომ ჩავატაროთ გამოკითხვა, ხალხი “ნაციონალურ მოძრაობასა” და  “ევროპულ საქართველოს” ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ხელისუფლება გვეუბნება, რომ ასეთმა პარტიამ 140-150 ათასი ხმა მიიღო,” – აცხადებს თევდორაძე.

გუშინ პატრიოტთა ალიანსმა ცესკოსთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. როგორც პარტიის წევრმა, კახაბერ ღირსიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს იმისთვის, რომ “კვირიკაშვილის მთავრობამ  არ დაუწეროს ბოკერიას და მის გუნდს ის პროცენტი, რომელსაც აპირებენ, რომ დაუწერონ, გვაქვს ინფორმაცია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი