ახალი ამბები

არჩევნებში ოცნების და პატრიოტების მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

22 ოქტომბერი, 2017 • 3164
არჩევნებში ოცნების და პატრიოტების მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, წინა თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევადარებთ, მკვეთრად გაიზარდა ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის რეიტინგები. მთლიანობაში, მმართველმა პარტიამ წლევანდელ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა მისი არსებობის ისტორიაში.

მაგალითად, თუკი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებამ”, რომელიც მაშინ რამდენიმე პარტიას აერთიანებდა, ხმების 54.97%  მიიღო და მას შემდეგ მისი რეიტინგები იკლებდა, კერძოდ, 2014 წელს მიიღო ხმების 50,82 პროცენტი (719 431 ხმა). ხოლო 2017 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით მმართველმა პარტიამ ხმების 55.69% მიიღო (827 552 ხმა).

პატრიოტთა ალიანსმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 4.72% მიიღო (66 805 ხმა), ხოლო 2017 წელს – 6.53% (87 133 ხმა).

მკვეთრად დაეცა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანების რეიტინგი: თუკი 2014  წელს მიიღო ხმების 10.22% (144 691 ხმა), წელს – 2.59% (38 536 ხმა) მხარდამჭერი აღმოაჩნდა.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მისი მხარდაჭერების რაოდენობა 2016 წლის არჩევნებთან შედარებით(2016 წელს ენმ-მ ხმების 27,11 პროცენტი მოიპოვა (477 053 ხმა) წელს 10%-ით შემცირდა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით კი პარტიამ ხმების 17,05% მიიღო (255 844).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ენმ-ს ცალკე პარტიად გამოეყო “ევროპული საქართველო”, რომელმაც ხმების 10.51% მიიღო.

ნახეთ ნეტგაზეთის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს პარტიების მიერ 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ხმების რაოდენობის დინამიკას:

მასალების გადაბეჭდვის წესი