ახალი ამბები

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო საკითხებზე იმსჯელა

13 ივნისი, 2013 • • 1295
ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო საკითხებზე იმსჯელა

აღნიშნულ საკითხებზე ინტერფრაქციულ ჯგუფს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ტელერადიოკომპანია “რიონის” გენერალური დირექტორის თქმით, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა,   არჩევნების დროს რეგიონული მედია იგნორირებულია:

 

“ფაქტობრივად, ჩვენთან რეკლამა არავის არ მოაქვს. როცა ქუთაისში ასეთი მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ, სხვა რეგიონებში რა მდგომარეობა იქნება. 6 წელზე მეტია არჩევნებისგან ჩვენ არანაირი შემოსავალი არ მიგვიღია. განსაკუთრებით ეს განაპირობა უფასო რეკლამის ცნების გაჩენამ. ვისაც აქვს უფლება განათავსოს უფასო რეკლამა, ის ყოველთვის ცდილობს პარტიისთვის გამოყოფილი თანხა დახარჯოს სხვა მიმართულებით: გაზეთებში, ფლაერებში. იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვდგავართ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პრობლემის წინაშე, უფასო რეკლამა, თუ ის არ ანაზღაურდა სახელმწიფოს მხრიდან, დამღუპველი იქნება რეგიონალური მაუწყებლობისთვის.”

ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვრის დაწესებაზე განმარტება გააკეთა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ:

 

“ზედა ზღვარი განისაზღვრებოდა წინა წლის განმავლობაში ამავე პერიოდში დღის გარკვეულ მონაკვეთში განთავსებული რეკლამის საშუალო ფასისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. ეს განსხვავებული ფასი იქნებოდა დილის შუადღის და საღამოს საათებში, თუმცა არსებობს განსხვავებული შეხედულებები მედიის მხრიდან, როგორ უნდა გამოითვალოს რეკლამის ფასი. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო მაღალი უნდა იყოს პოლიტიკური რეკლამის ფასი, ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიწევს შეჯერება მედიასთან“.

“ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე მიესალმება მსგავსი რეგულაციების შემოღებას:

 

“მსგავსი რეგულაციების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მაუწყებლობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და პოლიტიკური პარტიებისაც“.

 

როგორც დღევანდელი შეხვედრის მომხსენებლებმა განაცხადეს, ყველა სახის რეკომენდაცია და შენიშვნა გაზიარებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი