ახალი ამბები

საია: საუბნო კომისიის წევრს, სავარაუდოდ, “ოცნების” შტაბის წევრმა ინფორმაციის მიცემა მოსთხოვა

21 ოქტომბერი, 2017 • 1410
საია: საუბნო კომისიის წევრს, სავარაუდოდ, “ოცნების” შტაბის წევრმა ინფორმაციის მიცემა მოსთხოვა

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევებს შორის არის, სავარაუდოდ, “ოცნების” შტაბის წარმომადგენლის მიერ საუბნო კომისიის წევრის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა.

“გლდანის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა მიიღო სმს შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ნომერზე (598 4323 87) სმს-ით ან ზარით უნდა ეცნობებინა „ინფორმაცია უბანზე მოსული ამომრჩევლის, მერის მომხრეების, (ქართული) ოცნების მომხრეების და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ თითოეული ინფორმაციის გაგებისთანავე“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ მალევე განახორციელა ზარი საუბნო კომისიაში, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ეპასუხათ.

ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ მიერ განხორციელდა ზარი აღნიშნულ ნომერზე და პირმა, რომელმაც გვიპასუხა, თავი გაგვაცნო, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

ორგანიზაციის ცნობით, 21:00 საათის მონაცემებით, საიას დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 73 საჩივარი, ოლქში – 61 საჩივარი და 151 შენიშვნა დაწერეს.

საიას მიერ 18:00-დან 21:00 საათამდე დაფიქსირებული სხვა დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

– ვაკის #10 და #11 უბნებზე ჩვენს დამკვირვებელს უბნის მიმდებარედ განლაგებული პოლიციელები არ უშვებდნენ. მხოლოდ საოლქო კომისიის ჩარევის შედეგად შეძლო მან უბანზე შესვლა. პოლიცია ასევე არ აძლევს უბანზე შესვლის შესაძლებლობას საიას დამკვირვებელს ჩუღურეთის #40 უბანზე;

– კრწანისის #20 უბნიდან საუბნო საარჩევნო კომისიამ გამოაძევა საიას დამკვირვებელი  ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ;

– ვაკის #29 უბანზე ჩვენ დამკვირვებელს დაემუქრნენ გაძევებით;

– ბათუმის #4 უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ დამკვირვებელს.

ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებული პრობლემები:

– დიდუბის ოლქში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა პრეტენზიებს სიასთან დაკავშირებით. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა დიდუბის #52-ე უბანზე. აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მოსული ამომრჩეველი არ იყო სიაში. მას განუმარტეს, რომ მისი  მონაცემები შეტანილი იყო სენაკის ამომრჩეველთა სიაში;

– დმანისის #4 უბანზე ადგილი ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობას. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მცდელობა აღიკვეთა;

– ვაკის #11 უბანში დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფაქტი.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

დმანისის #4 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი კაბინაში შესულ ამომრჩეველს უთვალთვალებდა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა მიუთითა, რომ ასეთი ქმედება არ შეესაბამებოდა  კანონს, მან ჩვენს დამკვირვებელს უპასუხა, რომ მათ საქმეში არ ჩარეულიყო, რადგან ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მათ სურდათ. ამ დამკვირვებელმა ასევე უარი განაცხადა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციის იდენტიფიცირებაზე, რომელსაც წარმოადგენდა.

მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე:

– გარდაბანში, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მობილიზება. ასევე ხალხმრავლობაა მთაწმინდის #32 და მარნეულის #50 უბნებთან, ასევე, ახალციხეში და შიდა ქართლში;

– ასპინძის #4 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მისული ,,ქართული მარშის“  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ლევან ცაბაძის (დამოუკიდებელი კანდიდატის) ხმებს დაიცავენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი