ახალი ამბები

ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებით, 3 უბნიდან მათი დამკვირვებელი გააძევეს

21 ოქტომბერი, 2017 • 1718
ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებით, 3 უბნიდან მათი დამკვირვებელი გააძევეს

ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელი ცესკოში ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ თბილისში 3 საარჩევნო უბნიდან მათი წარმომადგენელი გამოაძევეს. ორ შემთხვევაში მიზეზი გახდა სამაგიდო სიაზე დაკვირვება, ხოლო ერთ შემთხვევაში- ფოტოგადაღება:

“სრულიად უკანონოდ მოხდა ჩვენი წევრების გამოგდება, მიზეზად მოსენებულია ის, რომ საარჩევნო უბნებს აკვირდებოდნენ ეს ადამიანები, რითაც ხელს უშლიდენენ კომისიის მუშაობას. სწორედ ამას გაიძახის ცესკო მთელი დღეა, რომ დამკვირვებლებს აქვთ უფლება ჩანაწერების გაკეთების და სიებზე დაკვირვების და ჩვენს წარმომადგენლებს ამის გამო უბნები დაატოვებინეს. ფაქტია, რომ არჩევნები ყალბდება სერიოზულად, ცესკო არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენი წარმომადგენლები დაესწრონ ხმის დათვლის პროცესს, ერთადერთი წამალია, რომ აქტივობა გაიზარდოს”,- ამბობს ის.

დიდუბის #1, მთაწმინდის #6 და საბურთალოს #72 არის ის საარჩევნო უბნები, საიდანაც ელისაშვილის წარმომადგენლები გამოაძევეს.  შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, საიას მიერ გაავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლები აფიქსირებენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებს ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში. საიას განმარტებით, ამომრჩევლის ნების კონტროლი მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას მძიმე უწოდა ალეკო ელისაშვილმა:

“საარჩევნო პროცესი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ, ზეწოლის შედეგად, ერთ-ერთი უბანი დაატოვებინეს ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბანზე არის კიდევ ზეწოლა დამკვირვებლებზე. 5 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ კარუსელი. შესაბამისი საჩივრები დაწერილი და გაგზავნილია. პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა ამომრჩევლებზე. კომისიის წევრები პირდაპირ უბნიდან რეკავენ ამომრჩეველთან და აიძულებენ, მივიდნენ. დამკვირვებლები პირდაპირ თავზე ადგანან ამომრჩევლებს და იწერენ პირად ნომრებს. გარეთ არის მობილიზებული მთელი ჯგუფები, ერთი მხრივ, კოორდინატორების და, მეორე მხრივ, სამოქალაქო ფორმაში, შავ, სამოქალაქო ტანდაცმელში გამოწყობილი ადამიანების, რომლებიც რეკავენ და აიძულებენ ადამიანებს მისვლას. რამდენიმე ვიდეოჩანაწერიც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდია, არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მძიმედ. “ქართული ოცნება” აგრძელებს “ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას”.- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი