ახალი ამბები

ISFED: არსებითი ხასიათის დარღვევების დიდი ნაწილი მარნეულში ფიქსირდება

21 ოქტომბერი, 2017 • 1777
ISFED: არსებითი ხასიათის დარღვევების დიდი ნაწილი მარნეულში ფიქსირდება

15:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა – ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, განსაკუთრებით პრობლემურია მარნეულის #31-ე, 18-ე, 51-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები.

ორგანიზაციის ცნობით, ხარვეზები ფიქსირდება, ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამოდენიმე უბანზე.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ დაფიქსირებული ძირითადი დარღვევები

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კენჭისყრის კაბინის გარეთ შემოხაზა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე იმყოფება პირი, რომელსაც სადამკვირებლო მოწმობა აქვს, თუმცა მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხშირად ტოვებს უბანს და ამასთანავე, უარს აცხადებს ვინაობის დაფიქსირებაზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში რამოდენიმე ამომრჩევლის ნაცვლად მოათავსა, ამასთან, იგი ამომრჩევლებთან შედის საარჩევნო კაბინაში და მისი განმარტებით, „ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარება“.

მარკირების პროცედურის დარღვევა

  • მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა 4 საარჩევნო უბანზე მიიღო 6-მა ამომრჩეველმა, კერძოდ, #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);  #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე (3 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
  • ამომრჩევლები კენჭისყრის შენობაში მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს 2 საარჩევნო უბანზე, კერძოდ, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების შემდგომ დადგინდა, რომ ამომრჩეველი არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ზეწოლა დამკვირვებლებზე

  • ხულოს #84 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის (ბეღლეთი) კომისიის წევრმა, ახმედ იაკობაძემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოსთხოვა, ორგანიზაციის დამკვირვებელს „არ ამოეღო ხმა“ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, მისი განცხადებით, მთელი სოფელი ერთ-ერთი კანდიდატის, მიხეილ შავაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მხარდამჭერი იყო.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება მხოლოდ ოლქში საჩივრის დაწერის შემდეგ მიეცა;

კენჭისყრის პროცედურის დარღვევა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თვითნებურად ცვლიან ფუნქციებს, რაც არ აისახება ჩანაწერთა წიგნში;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს, რის შედეგადაც უბანზე იმყოფება ბევრი ამომრჩეველი;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე ნაკადი მარეგულირებელი კომისიის წევრი სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ერთდროულად ბევრ ამომრჩეველს უშვებს უბანზე, რაც იწვევს ხმაურსა და არეულობას.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მართვის მოწმობით;

გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა: #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის უბნიდან გატანამდე ლუქის მთლიანობის დარღვევის გამო, კომისიამ გააუქმა გადასატანი ყუთის ხმის მიცემა, რითაც ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებოდათ. „სამართლიანი არჩევნების“ ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი სხვა უბნისთვის განკუთვნილ საარჩევნო ყუთში მოათავსა;

ბიულეტენების არასწორად გაცემა:

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი პროპორციული ბიულეტენი გადასცა;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი გადასცეს;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბანზე 2-ით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტენია გაცემული;

ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების დახევა: #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მიღებული ბიულეტენები დახია;

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #59 საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს  გრაფაში სხვა მოაწერინა ხელი;
  • #20 რუსთავის საოლქო კომისიის #31 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს სიაში ხელმოწერის გაკეთება გამორჩა;

“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოკვეთილი ტენდენციები

ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს.

“მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც წლების განმავლობაში ამომრჩევლების კონტროლსა და მათი პირადი მონაცემების სავარაუდოდ ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოყენებას იწვევდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა, ხოლო, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიებზე გასცენ შესაბამისი მითითებები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლისა და მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობა,”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ გამართულ ბრიფინგზე. 

15:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში 42, ხოლო საოლქო საარჩვნო კომისიებში 47 საჩვარია შეტანილი, ჩანაწერთა წიგნში კი დაფიქსირებულია 33 შენიშვნა.

 ხმების პარალელური დათვლის შედეგები 12:00 საათისთვის

“სამართლიანი არჩევნები”, რომელიც ხმების პარალელური დათვლის (PVT) სისტემას იყენებს, აქვეყნებს ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს 12:00 საათისთვის. მათი მონაცემებით 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.3% (+/- 0.3% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის მსგავსია, როცა ამომრჩევლის აქტივობა 16.6% იყო.

მთივე განცხადებით, მოცემულ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ამომორჩეველთა აქტივობა შემდეგია:

  • თბილისი 14.7% (+/- 0.2% ცდომილების ხარისხით), რაც მცირედ აღემატება 2014 წლის არჩევნების აქტივობას დედაქალაქში (12.7%)
  • ქუთაისი – 13.6%
  • ბათუმი – 12.5%
  • რუსთავი – 14.8%
  • ფოთი – 16.9%
  • მარნეული – 15.4%
  • ახალციხე – 18.2%

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, PVT-ის ინფორმაციის ანალიზი იძლევა საშუალებას, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 92.3%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 7.7%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი