ახალი ამბები

34 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა

20 ოქტომბერი, 2017 • 3272
34 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. კენჭისყრაში, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართა, მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს 4 წევრს, მათ შორის- საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ასევე- საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს და ვახტანგ მჭედლიშვილს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მოსამართლე წევრს ლევან თევზაძეს, რადგან შვებულებაში იმყოფება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 38 მოსამართლის უვადოდ დანიშვნისთვის უნდა ეყარა კენჭი, აქედან 34 საბჭომ დაამტკიცა უვადო მოსამართლედ, მათ შორის, თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, რომელიც განიხილავდა ცნობილ საქმეს გვანცა ყუფარაძის წინააღმდეგ. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის უვადოდ დანიშვნას, სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ლევან მეშველიანის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის უვადოდ დანიშვნას.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ 4 მოსამართლე – ირაკლი აბშილავა (ზუგდიდის რაიონული სასამართლო), გაბრიჩიძე ეკატერინა (თბილისის საქალაქო სასამართლო), ტუკვაძე ელისო (თბილისის საქალაქო სასამართლო) და როინ კახიძე (ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) არ დანიშნა უვადოდ.

სხდომის დაწყებისას კენჭი უყარეს სხდომის გადადების საკითხსაც, თუმცა მხოლოდ 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი სხდომის გადადებას.

სხდომის თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. გვენეტაძის თქმით, ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს და მისი პასუხისმგებლობის განცდის გამო არ იღებს მონაწილეობას პროცესში.

სხდომის დაწყებამდე არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მას არაეთიკურად მიმართავდნენ. ასევე, გაუჩნდა ეჭვი, რომ წევრებმა იცოდნენ მის მიერ გაკეთებული შეფასების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი