ახალი ამბები

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭროს წევრებს არაეთიკურ მიმართვებში ადანაშაულებს

20 ოქტომბერი, 2017 • 2459
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭროს წევრებს არაეთიკურ მიმართვებში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, 11 საათზე, უნდა გამართულიყო სხდომა, სადაც კენჭი უნდა ეყარათ 3 წლით გამწესებული მოსამართლეებისათვის, რათა მათი უვადო დანიშვნა მომხდარიყო. სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა მას არაეთიკურად მიმართეს. ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასებები საბჭოს სხვა წევრებისთვის ცნობილია:

“დღეს უნდა ჩატარებულიყო კენჭისყრა, თუმცა არ ვიცით, ჩატარდება თუ არა. მინდა ვისაუბრო საკითხზე, რომელიც ეხება მოსამართლის შეფასებას. როგორც იცით, მოსამართლეები ფასდებიან კანონის თანახმად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მიხედვით. მე, როგორც საბჭოს წევრს, უფლება მაქვს მივიღო გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიმაჩნია. მე ღიად ვაცხადებ, რომ რამდენიმე ადამიანი მე არ შევაფასე კეთილსინდისიერად, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტს. ამის გამო ჩემ მიმართ იყო არაეთიკური მიმართვები საბჭოს დახურულ სხდიმაზე და ეჭვი მაქვს, ჩემი შეფასება, რომელიც მე გადავეცი შეფასების დეპარტამრნტს, არ არის კონფიდენციალური. პირდაპირ ჩემ მიმართ იყო ეს მომართვა საბჭოს იმ წევრების მხრიდან, რომლებსაც არ მოსწონდათ ჩემი შეფასება.

ეს არის სერიზული პრობლემა, მე უნდა ვიყო დაცული, რომ მან, ვისაც ვაფასებ, არ იცოდეს, რა ქულებით შევაფასე. პლუს ამას არაეთიკური მიმართვრბი საბჭოს წევრების მხრიდან გრძელდება” -განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია- ესენი არიან საბჭოს წევრი მოსამართლეები, რომლებსაც ასევე განცხადებული აქვთ უვადოდ გადანიშვნის შესახებ. სულ 38 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას უნდა უყაროს კენჭი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

ნაზი ჯანეზაშვილის პრეტენზიების ლეგიტიმურობა დაადასტურა საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა:

“ქალბატონი ნაზის პრეტენზიებს დღეს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, უფრო მეტიც, მის მიმართ არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულება მანამდეც ყოფილა არაერთგზის და ოლიმპიური სიმშვიდით ითმენდა ამას. დღეს სრულიად საფუძვლიანი იყი მისი პრეტენზიები. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი არაკორექტული გამოხტომა, ცინიზმი, არაეთიკური ქცევა, ეს არის საკუთარი უსუსურობის და სისუსტის გამოვლინება, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამას კადრულობს” – განაცხადა მან.

ჯანეზაშვილმა დაასახელა საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი, რომელმაც ჯანეზაშვილის თქმითვე, მას ჰკითხა – თქვენ კეთილსინდისიერი ბრძანდებით, ქალბატონო ნაზი? ჯანეზაშვილის თქმით ამით მიანიშნა, რომ იცოდა მისი შეფასების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი