ახალი ამბები

ჩაფიძე: კანონპროექტში არაფერია ისეთი, რაც უნივერსიტეტის ავტონომიას ხელს შეუშლის

11 ივნისი, 2013 • 847
ჩაფიძე: კანონპროექტში არაფერია ისეთი, რაც უნივერსიტეტის ავტონომიას ხელს შეუშლის

იცვლება რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 

ელისო ჩაფიძე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს:

 

ელისო ჩაფიძე
ელისო ჩაფიძე

“ის, რომ უნივერსიტეტში ცალკეული აკადემიური თანამდებობების დაკავება იყოს კანონით განსაზღვრული, სწავლების ხარისხის ამაღლებას განაპირობებს, რადგან სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება ამა თუ იმ პოზიციაზე ლოიალურად დანიშნული პირის შესახებ, რომელიც არ შეესაბამებოდა აღნიშნულ პოზიციას. არ შეიძლება აკადემიური ხარისხის, დოქტორის ხარისხის გარეშე პირი არჩეული იქნას დეკანის ან რექტორის თანამდებობაზე და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით კანონპროექტში არაფერია ისეთი, რაც უნივერსიტეტის ავტონომიას ხელს შეუშლის”.

 

კანონპროექტის მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.” ამას გარდა, პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

“არავის შეეშინდეს იმისი, თითქოს რამენაირად პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კონკრეტული აკადემიური დაწესებულების ხელმძღვანელს. ეს საკითხი მოგვარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, თუკი არ არის არჩეული რექტორი, თუმცა კანონმდებლობით ყველა პოზიციაზე უნდა იყოს აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორი. ამ თვალსაზრისით არანაირი ცვლილება არ არის,” – აცხადებს ელისო ჩაფიძე.

 

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას მთავრობა პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს. კანონის დამკიცების შემთხვევაში კი, “კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი