“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს პრეზიდენტი. ამდენად, სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია სხდომის დანიშვნის ზუსტი დრო. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების ან არდასწრების გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება სხდომა, დადგენილი არ არის.
“პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს”, – აცხადებენ უშიშროების საბჭოში.