ახალი ამბები

მარეკ დუდაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

8 ივნისი, 2013 •
მარეკ დუდაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მარეკ დუდაევი
მარეკ დუდაევი

ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. მისთვის დაკისრებული სასჯელი უცვლელი დატოვა საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციამ. სამართალდამცავებისვე განცხადებით, ის ”კრიმინალური ავტორიტეტი” იყო.

 

მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა და მის დაკავებას ქართული მხარის პრვოკაციად აფასებდა. როგორც civil.ge წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2005 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა ერიკი, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მსახურობს, ასევე კრიმინალური ავტორიტეტია და იგი ადამიანთა გატაცებებში, ფულის გამოძალვაში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.

 

მარეკ დუდაევის დაპატიმრებაზე საგამოძიებო ფილმი მისი დაკავების შემდეგ მოამზადა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, სადაც საუბარი იყო მარეკ დუდაევის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე.

 

საქმეში არსებულ ხარვეზებზე 2013 წლის თებერვალში ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჰუმანიტარული მოსაზრებებით ქართულ საპატიმროებში მყოფ ცხინვალელ პატიმრებს, მათ შორის მარეკ დუდაევს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გაუცვლის ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ტყვეებში.

 

”ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მარეკ დუდაევი უკვე ცხინვალში იმყოფება და ხვალ ჩავა თავის სოფელში, სადაც დაესწრება შვილის დაბადების დღეს, რომელიც დაპატიმრების შემდეგ არ უნახავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დუდაევისთვის პატიმრობიდან გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა. 

 

ჩვენივე ინფორმაციით, მისი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. ”ნეტგაზეთი” დამატებით დეტალებს დუდაევის გათავისუფლების შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი