ახალი ამბები

ჩაშლილი ლოცვა და შეშინებული მუსლიმები [VIDEO]

7 ივნისი, 2013 • 1349
ჩაშლილი ლოცვა და შეშინებული მუსლიმები [VIDEO]

ბოლო ორი პარასკევისგან განსხვავებით, ტრადიციულ ლოცვისთვის, დღეს, 7 ივნისს, სოფელ სამთავის მუსლიმურ სამლოცველოში არავინ მივიდა.  გარე პერიმეტრს სოფლის რწმუნებული და ადგილობრივი მოსახლეობა იკავებდა, რომელიც ამბობდა, რომ სამლოცველოში შესვლას ვერავინ გაბედავს. ასეც მოხდა, სამლოცველოში არავინ მივიდა. ის ადამიანები, რომლებიც ორი კვირის მანძილზე სოფლის ახალ სამლოცველოში,  პარასკევის ლოცვაზე მიდიოდნენ, დღეს აღარ გამოჩენილან. ერთადერთი მუსლიმი, რომელიც სალოცავად გეგმავდა მისვლას, მუსლიმთა ადგილობრივი წინამძღვარი, სულიკო ხოზრევანიძე იყო.

 

13:00 საათისთვის, მაშინ როდესაც ლოცვა უნდა დაწყებულიყო, გაირკვა, რომ სულიკო ხორზრევანიძე სამართალდამცავებმა საკუთარი სახლიდან მანქანით გაიყვანეს და სხვა ადგილობრივ მუსლიმთან სალაპარკოდ მივიდნენ. 

 

წინამძღვარი დაბურულმინებიანი ავტომანქანით სამლოცველოსთან, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოიყვანეს. მისი თქმით, პირები, ვინც სახლიდან ის გაიყვანა, მას სამართალდამცავებად გაეცნენ. რასთან დაკავშრებით შედგა მათ შორის საუბარი, ის არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ სამლოცველოში შესვლის და იქ ლოცვის ნებართვა მისცეს. თუმცა სამლოცველო სახლში შესასვლელი გზა მას სოფლის ორმა მკვიდრმა გადაუკეტა, რომლებმაც ურჩიეს არ შესულიყო იქ. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში, სულიკო ხოზრევანიძე შეუძლოდ გახდა და სახლში გადაყვანის შემდეგ, მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 


დღეს, სამთაწყაროში იმყოფებოდნენ ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების,- სახალხო დამცველის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.  

   

 

 

სახალხო დამცველის პრეს–რელიზში, რომელიც დღეს, 7 ივნისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ადგილობრივი მუსლიმები პატივს სცემენ უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს და არ ითხოვენ მეჩეთის მშენებლობას. მათივე ინფორმაციით, სახლს, რომელიც „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ” შეიძინა, არ გააჩნია მეჩეთისათვის დამახასიათებელი ნიშნები, შენობის მდებარეობა სამხრეთით, მინარეთი, გუმბათი, მიკროფონები და ა.შ მიუხედავად ამისა, მუსლიმ და მართლმადიდებელ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტი სწორედ აღნიშნული სახლის შეძენის შემდეგ დაიწყო.

 

მუსლიმებს 24 მაისის შემდეგ სამმართველოს მიერ შეძენილ სახლში ლოცვის საშუალებას ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევს. მანამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი