ახალი ამბები

როგორ გაინაწილებენ პარტიები ბიუჯეტის ფულს

10 ივნისი, 2013 • • 2480
როგორ გაინაწილებენ პარტიები ბიუჯეტის ფულს

“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში”  ცვლილებების პროექტი, რომელიც ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოამზადა, პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა მას უკვე აკრიტიკებენ არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები.

არასაპარლამენტო არაკვალიფიციური სუბიექტების პრეტენზიები

 

“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პარტიები კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს არ წარმოადგენენ, სახელმწიფო საბაზო დაფინანსების გარეშე რჩებიან, რაც მათ პარტიულ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს: ვერ შეძლებენ ოფისების შენახვას და სხვა აუცილებელი პარტიული ხარჯების გაწევას.

 

 

ქუცნაშვილი
ქუცნაშვილი

“კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი თუ არ მოიპოვე, ისე ვერ მიიღებ დაფინანსებას. ხოლო თუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მოსაპოვებელი კრიტერიუმების გადახედვა უნდათ, მაშინ წარმოადგინონ თავისი ხედვები”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მათ პრეტენზიებს.

 

ქუცნაშვილი იმ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელმაც პარტიების დაფინანსების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი შემიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

 

“როცა საუბარია იმაზე, რომ არასაპარლამენტო პარტიებს არ ეძლევათ ფული, მაშინ ისმის შეკითხვა, ვის ეძლევა ფული? – მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის განსაზღვრის კრიტერიუმი უნდა გადაისინჯოს. მოამზადონ ხედვები და ჩვენ მათ განვიხილავთ”, – აცხადებს იგი.

 

დღეისათვის არ არსებობს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ შეიძლება იმ არასაპარლამენტო პარტიების დაფინანსება მოხდეს ბიუჯეტიდან, რომელთაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი არ გააჩნიათ. ასეთი პარტიების დაფინანსებისას, კახა კუკავას შემთხვევაში, არსებობს მოსაზრება, რომ მას აპრილის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, ნაძალადევში დაფიქსირებული შედეგი (მე–2 ადგილი) გადალახულ ბარიერად ჩაეთვალოს და მისი პარტია კვალიფიციურ სუბიექტად განისაზღვროს. გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ კვალიფიციური სუბიექტის განმსაზღვრელ არჩევნებად არა მხოლოდ თვითმმართველობის და საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებიც განიხილებოდეს, რომელიც ამა წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით ამგვარი რამ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტში არ წერია. ჯგუფში განხილვები გრძელდება. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია: საია, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთი არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის განსაზღვრის ბარიერის იმაზე უფრო დაბლა დაწევის იდეით გამოდის, ვიდრე ამას ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

 

“არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ კვალიფიციური სუბიექტებისათვის დადგენილი ბარიერი, რაც ანიჭებთ მათ უფლებას, რომ მიიღონ დაფინანსება, არის მათთვის საკმაოდ მაღალი. არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს კიდევ უფრო დაბალი ბარიერის დაწესების მოთხოვნა. მე ვფიქრობ, რომ, მართალია, ძალიან დაბალია ის ბარიერი, რასაც ისინი ითხოვენ, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მაინც დროებით, გარდამავალი პერიოდისათვის უნდა დააწესოს გარკვეული წესები, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციას მისცემს არსებობისა და განვითარების საშუალებას. ინტერფრაქციულ ჯგუფში ეს საკითხი არ უნდა დაიხუროს და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მრავალპარტიულ დემოკრატიას ქვეყანაში”.

 

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

 

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი დაფინანსება მაინც უნდა იყოს მიმართული არასაპარლამენტო ოპოზიციისაკენ, რადგან რეალურად მათ სჭირდებათ დაფინანსება. ყველა იმ პარტიას ახლა წარმოდგენილს პარლამენტში, ასე თუ ისე, აქვს დაფინანსება; განსაკუთრებით მმართველ პარტიას და ოპოზიციასაც, თუ უკანასკნელ პერიოდს გადავავლებთ თვალს, დაფინანსების პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომ, თუ სახელმწიფო დაფინანსების ზრდაზეა ლაპარაკი, ალბათ, იმ პარტიებზე უფრო უნდა იყოს აქცენტი, ვისაც ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დაფინანსების მოძიება არ შეუძლია. და ერთდაერთი და გადამწყვეტი წყარო მათთვის შეიძლება სახელმწიფო დაფინანსება იყოს”.

 

 

რას ითვალისწინებს ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარტიების საბიუჯეტო საბაზო დაფინანსების შესახებ?

 

 

არსებული კანონმდებლობით, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოსაპოვებლად საპარლმენტო ან თვითმართველობის არჩევნებზე ოთხპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტი ცესკოს გავლით კვალიფიციურ სუბიექტს წელიწადში საბაზო პრინციპით 150 ათასი ლარით აფინანსებს, რასაც ემატება დამატებითი თანხები პარტიის მიერ არჩევნებში ნაჩვენები შედგებიდან გამომდინარე: მიღებული ხმების რაოდენობა, პარლამენტში შეყვანილი დეპუტატების რაოდენობა, სიებში ქალების პროცენტული რაოდენობა და სხვა კრიტერიუმები კანონში მოცემული საერთო ფორმულის მიხედვით ითვლება და, საბოლოო  ჯამში, დგინდება, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის პარტია ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დღეს მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, გარკვეულ დებულებებს ცვლის: პარტიების საბაზო დაფინანსება გაორმაგდება და 150 ათასი ლარის ნაცვლად 300 ათასი ლარი გახდება, ხოლო კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული 4–პროცენტიანი ბარიერი 3 პროცენტამდე დაიწევს. დღეს მოქმედი წესის მიხედვით,  თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში  8%-იან ბარიერს გადალახავს, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, ეს საკითხიც იცვლება: 8%–იანი ბარიერი 6 პროცენტამდე იწევს, ხოლო 300 000 ლარი ორმაგდება და 600 000 ხდება.

 

რა დაფინანსებას იღებენ დღეისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები

 

“ქართული დასის” ლიდერის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” გარიგდნენ იმისთვის, რომ ეს თანხები გაინაწილონ. ამ ბრალდებას უარყოფს ქუცნაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საბაზო დაფინანსება არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო კვალიფიციური სუბიექტებისთვისაც გაიზრდება.

 

ცესკოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული საჯარო ნფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჯამში (საბაზო დაფინანსებისა და სხვა ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით დადგენილი დამატებითი თანხების ჯამით), 1,738,041 ლარით, ხოლო უმრავლესობაში მყოფი კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი 6 პარტია, ჯამში, 1,877,064 ლარით ფინანსდება. რაც შეეხება სხვა კვალიფიციურ, თუმცა არასაპარლამენტო პარტიებს, ქდმ–ს წლიური დაფინანსება 221 236 ლარს შეადგენს, “მემარჯვენეების’  147 073 ლარია, საქართველოს გზის – 133 703, კობა დავითაშვილის ხალხის პარტიის – 157.627, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტიის, “სამართლიანი საქართველოსთვის” – 157 627, ევროპელი დემოკრატების – 229 156, ხოლო ქრისტიან- დემოკრატიული სახალხო პარტიის – 221 236. სულ სახელმწიფო ბიუჯეტი 4 882 758 ლარით 14 კავლიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას აფინანსებს, რომელთაგან 7 პარლამენტის წევრია, ხოლო 7 – არასაპარლამენტო. გარდა აღნიშნული გზისა, სახელმწიფო კვალიფიციურ პარტიებს სსიპ სასწავლო ცენტრიდანაც აფინანსებს, საიდანაც წლიურად 14 პარტიაზე, ჯამში, 1 220 689 ლარი იხარჯება. აღნიშნული პარტიების ნაწილმა თავის დროზე არჩევნებში მონაწილეობა ბლოკების სახით მიიღო, რის გამოც პარტიების დაფინანსების ოდენობა ერთმანეთისაგან განსხვავდება.

 

“ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 150 ათასლარიანი საბაზო დაფინანსება გაორმაგდეს და გახდეს 300 ათასი ლარი. 150 ათასლარიანი დაფინანსება თვეში 12–13 ათას ლარს ნიშნავს, რაც საქართველოში ოფისების გახსნაზეც კი არ ყოფნის გამარჯვებულ პარტიას. ამაზეა საუბარი”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

 

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საბაზო დაფინანსების გაზრდა პოლიტიკური პარტიების სამომავლო საქმიანობასა და პოლიტიკურ კონკურენტუნარიანობაზე, ასევე, მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებაზე დადებითად აისახება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, პარლამენტის მიერ დამტკიცდება, საბიუჯეტო საბაზო დაფინანსება არა მხოლოდ “ნაცმოძრაობისა” და “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის, არამედ იმ 7 კვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანებისათვის გაორმაგდება, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მათ შორის არის “ახალი მემარჯვენეები”, რომლის ერთ–ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძეს დაფინანსების შესაძლო გაზრდის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრეტენზიები აქვს:

 

“პარტიათა დაფინანსების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შედეგის მქონე, მაგრამ სუსტი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებს სახელმწიფომ გარკვეული თანადგომა აღმოუჩინოს იმისთვის, რომ უფრო მეტად კონკურენტული გარემო შეიქმნას. ჩვენ კი ახლა საქმე გვაქვს იმასთან, რომ დაფინანსებას მნიშვნელოვანწილად იზრდიან ის პარტიები, რომლებმაც ან 9 წლის განმავლობაში დააგროვეს მილიონები, ან დღეს აქვთ მილიონების დაგროვების რეალური შანსი, ან უკვე აქვთ მილიარდები.

 

“ჩვენი პარტიის შემთხვევაში ბაზური დაფინანსების ნაწილი იზრდება, მაგრამ უყურეთ, რაშია საქმე: როცა კვალიფიციურ სუბიექტებს ბაზურ დაფინანსებას უორმაგებ: სიტყვაზე, თქვენ რომ გქონდათ 5 ლარი და მე 100 ლარი და ორივეს ორზე ვამრავლებთ, თქვენ გიხდებათ 10 ლარი დ მე- 200, ანუ კონტრასტი კიდევ უფრო დიდი იქნება. ამიტომ მარტო ორზე გამრავლებაზე არ არის აქ საქმე. დაფინანსების არსი ის კი არ არის, რომ ერთსა და იმავე რიცხვზე გავამრავლოთ არსებული დაფინანსება, არამედ იმაზე, რომ პოლიტიკური შედეგის მქონე, მაგრამ ფულის არმქონე პოლიტიკურ პარტიებს გაუკეთდეთ სტიმულირება იმისათვის, რომ ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში”, – ამბობს კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ ამჟამად “მემარჯვენეების” წლიური საბიუჯეტო დაფინანსება პარტიას არ ჰყოფნის ოფისების დაქირავებასა და პარტაქტივის მობილიზებაში.

 

“თან – დაქვითვები… კანონი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები დღგ–სგან თავისუფლდებიან, კანონში ეს წერია, მაგრამ სინამდვილეში არ თავისუფლდებიან, ჩვენ ვიხდით დღგ–ს”.

 

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ თუკი ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, მალევე უნდ ამოქმედდეს, რათა პარტიებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკეთ შეძლონ, თუმცა არ გამორცხავს, რომ პროცესი შესაძლოა იანვრამდე გაიწელოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი