ახალი ამბები

ვეფხვაძე: პარტიების დაფინანსება მხოლოდ ნაცმოძრაობის და ოცნების სასარგებლოდ იცვლება

7 ივნისი, 2013 • 1208
ვეფხვაძე: პარტიების დაფინანსება მხოლოდ ნაცმოძრაობის და ოცნების სასარგებლოდ იცვლება

პარტიების დაფინანსების წესის შეცვლას არ ეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხორციელდება:

როგორც ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები სამ სეგმენტად დაყოს- საპარლამენტო კვალიფიციური პარტიები, არასაპარლამენტო კვალიფიციური პარტიები და არასაპარლამენტო არაკვალიფიციური პარტიები:

 

ლევან ვეფხვაძე/ფოტო:რადიო თავისუფლება
ლევან ვეფხვაძე/ფოტო:რადიო თავისუფლება

“არასაპარლამენტო კვალიფიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონში არაფერი იცვლება, იგივე ეხება არასაპარლამენტო არაკვალიფიციურ პარტიებს, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო კვალიფიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართლ ოცნებას”, მათი დაფინანსება წარმატებით, რამდენიმე მილიონით იზრდება”, – განაცხადა ვეფხვაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ სადამსჯელო რეჟიმი თავისუფალი რეჟიმით შეიცვლება:

 

“ჩვენ გვინდა ეს პროცესი წავიყვანოთ ლიბერალიზაციისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული სანქციები თავისი არსით მთლიანობაში არის ძალიან მძიმე, ხუთმაგი ჯარიმებია მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივმა ბუღალტერმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და 100 ლარის ნაცვლად 101 ლარი გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე. ჩვენ გვინდა დავაზუსტოთ ძალიან ბევრი კომპონენტი კანონში, მაგალითად, ის, თუ რა ითვლება უკანონო შემოწირულობად. აქამდე უკანონოდ ითვლებოდა მთელი შემოწირულობა და არა გარკვეულ ზღვარს ზემოთ განხორციელებული შემოწირულობა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. მისი თქმით, ყველა პარტიას სჭირდება სახსრები ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სახსრებს კი სჭირდება უზრუნველყოფა:

 

“ღარიბი მოქალაქეების გამო ჩვენ გაგვიჭირდება, რომ პარტიები მხოლოდ მოქალაქეების შემოწირულობით დაფინანსდნენ, ამიტომ იურიდიულ პირებს აღუდგებათ უფლება, რომ გარკვეული ზღვრის ქვემოთ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შემოწირულობა მოახდინონ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

შეხვედრას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ესწრება საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი პარტია ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებელ რეკომენდაციებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით უმეტესწილად ლოგიკურად მიიჩნევს:

 

“თუმცა ვიტყვი, რომ ბრუნდება იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების უფლება. თავის დროზე, წინა არჩევნებზე ამ უფლების შეზღუდვა საერთაშორისო რეკომენდაციებით იყო განპირობებული, ამიტომ ეს თემა საჩოთიროდ მიმაჩნია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეთანხმება და იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის განცხადებით, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, გაიზრდება იმ პარტიების დაფინანსება, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს და შემცირდება ჯარიმების ოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ კანონპროექტში მოცემული დებულებების უმრავლესობა სწორედ არასამთავრობო სექტორის მიერ ინტერფრაქციული ჯგუფისათვის მიცემული რეკომენდაციებია, ამიტომ ისინი კანონპროექტს იზიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი