ახალი ამბები

Call of Taburetka წაშლის შემდეგ ფეისბუქზე კვლავ დაბრუნდა

6 ივნისი, 2013 • • 2211
Call of Taburetka წაშლის შემდეგ ფეისბუქზე კვლავ დაბრუნდა

call of taburetka
call of taburetka

Call of Taburetka “ფეისბუქში” 17 მაისს თბილისში გამართული ჰომოფობიური აქციის შემდეგ გამოჩნდა. თამაშის მთავარი გმირი მღვდელია, რომელსაც ხელში “ტაბურეტკა” უჭირავს და შემხვედრ ქალებსა და კაცებს ესვრის, რომლებსაც ხელში გეი სიმბოლო – ცისარტყელის ფერის დროშა უჭირავთ.

 

მოთამაშე კლავიატურაზე არსებული ღილაკებით მართავს მღვდელს. თამაშში წარმატების მისაღწევად საკმარისია, რომ შემხვედრ პირებსა და მინებჩამსხვრეულ ყვითელ მიკროავტობუსებს “ტაბურეტკა” დროულად ესროლო და გაანადგურო. თამაშის შემქმნელის ინსპირაციის წყარო გახდა სასულიერო პირი, რომელიც 17 მაისს თბილისში ლგბტ პირებს, რომლებსაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაემართათ, რკინის “ტაბურეტკით” მისდევდა. 

 

როგორც თამაშის შემქნელმა “ფეისბუქზე” რამდენიმე დღის წინ დაწერა, უცხოელმა მომხარებლებმა თამაში აღიქვეს ჰომოფობიურად და მის შესახებ საჩივრები გაუგზავნეს “ფეისბუქის” ადმინისტრაციას. 

 

თამაშის გვერდზე უცხოელი მომხმარებლები აქტიურობენ და წერენ, რომ “თამაში არის სიძულვილის შემცველი და ის უნდა წაიშალოს”. როგორც თამაშის ავტორი ამბობს, ის ეცადა აეხსნა უკმაყოფილო მომხმარებლებისთვის, რომ თამაში არ იყო ჰომოფობიური და ის მიზანდ ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის აღწერას და გაშარჟებას. მისმა ახსნა–განმარტებამ არ გაჭრა, რის გამოც თამაში რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქიდან” წაშალა.

 

“შეიძლება ამ თამაშზე წვდომა შეუზღუდო უცხოელებს, რადგან მათ არ შეუძლიათ სწორედ გაიგონ ამ თამაშის მნიშვნელობა”, – დაწერა თამაშის შემქნელმა Call of Taburetka-ს გვერდზე, რის შემდეგაც ფეისბუქიდან წაშლილი თამაში კვლავ ხელმისაწვდომია, ამჯერად მხოლოდ საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის.

 

Call of Taburetka-ს “ფეისბუქიდან” წაშლას გამოეხმაურა ტელეკომპანია “ალ ჯაზირა”, რომელიც წერს, რომ “ყველაზე ჰომოფობიურად მიჩნეული თამაში “ფეისბუქიდან” წაიშალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი