ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოსთან [ვიდეო]

10 ოქტომბერი, 2017 • 1583
ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოსთან [ვიდეო]

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, პარლამენტარ თინა ბოკუჩავას სურდა საკრებულოს შენობაში შესვლა, პოლიციამ კი ამის უფლება არ მისცა. ბოკუჩავამ პოლიციელების მიერ დადგმული ბარიკადები გადაელახა, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საკრებულოში პარლამენტის დეპუტატები შეუშვან. ოპოზიციას სურს, გამოიყენოს თავისი უფლება, რომ საკრებულოში პარლამენტის დეპუტატები სათათბირო უფლებით შევიდნენ და გააპროტესტონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის გადაცემის სკითხი.

საკრებულოსთან პოლიციის კორდონი დგას. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. მან განაცხადა, რომ არავინ დაესწრება საკრებულოს სხდომას საკრებულოს წევრებისა და მედიის გარდა, რადგან ოპოზიციას სხდომის ჩაშლა სურს.

დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულომ უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი